უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მარიუპოლში რუსი ოკუპანტების მიერ მომწამვლელი ნივთიერების შემცველი საბრძოლო მასალის გამოყენებას ეხმაურება და ამბობს, რომ ამაზე მსოფლიომ “პრევენციული რეაგირება” უნდა მოახდინოს.
როგორც მან აღნიშნა, თუ რუსეთმა მასობრივი განადგურების იარაღი გამოიყენა, ამის შემდეგ ნებისმიერი რეაქცია უკვე აღარაფერს შეცვლის.
“ყურადღებით ვაკვირდებით მარიუპოლში, ქალაქის დამცველების წინააღმდეგ მომწამვლელი ნივთიერების შემცველი საბრძოლო მასალის გამოყენების შესახებ ცნობებს. ჯერჯერობით შეუძლებელია 100%-იანი დასკვნის გაკეთება იმის შესახებ, თუ რა სახის ნივთიერება იყო ეს. გასაგებია, რომ ბლოკირებულ ქალაქში შეუძლებელია სრული გამოძიების და ანალიზის ჩატარება, მაგრამ მარიუპოლის დამცველების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით რუსი პროპაგანდისტების არაერთი მუქარისა და რუსული არმიის მიერ უკრაინაში ფოსფორის საბრძოლო მასალის არაერთხელ გამოყენების გათვალისწინებით, მსოფლიომ რეაგირება ახლა უნდა მოახდინოს. რეაგირება პრევენციულად, რადგან მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შემდეგ, ნებისმიერი რეაქცია არაფერს შეცვლის”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.