უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყანაში დიდი სავაჭრო მოლები რეგულაციების დაცვის მოთხოვნით გაიხსნა. ობიექტებმა მუშაობა 2 იანვრის ჩათვლით განაახლეს. მათ მომხმარებლების მიღება 07:00-დან 19:00 საათამდე შეუძლიათ.
City Mall-ის მომხმარებლებს ადგილზე ჰუმანოიდი რობოტი პეპერი დახვდებათ. პეპერი მოქალაქეებს ტემპერატურას გაუზომავს, სიმპტომებს შეუმოწმებს, ვირუსის პრევენციის შესახებ ზოგად რეკომენდაციებს გააცნობს და ინფორმაციას მიაწვდის City Mall-ის სერვისების შესახებ.
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მსოფლიოს პირველი ჰუმანოიდი რობოტის პანდემიის მართვის პროცესში ჩართვა ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში დააანონსა. ტიკარაძის თქმით, “რობოტი პეპერი კორონავირუსის დამარცხებაში დაგვეხმარება”.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 972 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 737 პაციენტი. 24 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 216 843 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 194 705 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 276 კი გარდაიცვალა.
მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.