საქართველოში კარტოფილის დარგვის სეზონი მარტში დაიწყო და მარტის ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში, წინა წელთან შედარებით, 8%-ით მეტი სათესლე კარტოფილი შემოიტანეს. გასული 8 წლის მარტის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, სათესლე კარტოფილის იმპორტი 15%-ით გაიზარდა. ამის შესახებ EastFruit-ის ანალიტიკოსების დასკვნაში წერია.
თუმცა, პორტალის ცნობით, წელს კარტოფილის თესლის იმპორტიორებს მეტის გადახდა მოუწიათ, რადგან საიმპორტო ფასები დოლარში, 2021 წლის მარტის დონესთან შედარებით, 10%-ით, ხოლო 2014-2021 წლების მარტის საშუალო მაჩვენებელზე 25%-ით გაიზარდა.
სათესლე კარტოფილი (გორგლი), ძირითადად, ევროპიდან შემოაქვთ და ხარისხიან მოსავალს იძლევა, რაც მყიდველებში მოთხოვნადია. თუმცა წელს საქართველოში კარტოფილის მოყვანა, წინა სეზონთან შედარებით, თითქმის ორჯერ გაძვირდა. ბაზრის მონაწილეები ამბობენ, რომ წარმოების ხარჯები საგრძნობლად გაიზარდა. მაგალითად, დიზელის საწვავი, ჰერბიციდები და სასუქი, რომლებიც კარტოფილის მოსაყვანად გამოიყენება, 2021 წელთან შედარებით, 70-100%-ით გაიზარდა.
EastFruit-ის მონაცემებით, ფერმერებმა ქვემო ქართლში შარშანდელზე მეტი კარტოფილი დათესეს, თუმცა უმსხვილეს მწარმოებელ რეგიონ სამცხე-ჯავახეთში კარტოფილის თესვა ჯერ არ დაუწყიათ. ამდენად, პორტალი მოელის, რომ ხარჯების ზრდის მიუხედავად, წარმოება მაინც გაიზრდება.
ფერმერებსაც მიაჩნიათ, რომ თითქმის გაორმაგებული ხარჯების მიუხედავად, მეტის წარმოება სწორი ნაბიჯია, მითუმეეტეს, უკრაინის ომის ფონზე, რის გამოც რეგიონს შესაძლოა, სასურსათო უსაფრთხოების მორღვევა დაემუქროს.
თუმცა EastFruit-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ სამეწარმეო ხარჯების გაორმაგების გამო, შესაძლოა, ქართული კარტოფილის საერთო ხარისხი დაზარალდეს, რადგან ზოგიერთმა ფერმერმა დაგეგმილი სამუშაოს ბოლომდე შესრულება ვერ შეძლოს.