ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, სამი ქართული ტელევიზია: მთავარი არხი, ფორმულა და TV პირველი რუსული პროპაგანდით არის დაკავებული. ეს მან პალიტრანიუსის გადაცემაში 360 გრადუსი ჟურნალისტის კითხვაზე უპასუხა, თუ რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმისთვის, რომ ქვეყანაში რუსული პროპაგანდა აღიკვეთოს.
“რაც შეეხება რუსულ პროპაგანდას. არ ვიცი ახლა, მთავარ არხს, ფორმულასა და TV პირველს ჩვენ ვერ დავხურავთ და ალბათ რუსული პროპაგანდის მიმართულებით მუშაობას გააგრძელებენ. ჩვენ ვიცით, რეალურად პრობლემა სად არის. თუ რომელ ტელევიზიებს აქვთ გავლენა და თავის ფარგლებში ეს გავლენიანი ტელევიზიები როგორ აწარმოებენ იმ პროპაგანდას, რომელიც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ესენია ზუსტად ეს სამი არხი და ჩვენ არ გვაქვს მაინცდამაინც სერიოზული ბერკეტები, რომ ჩავერიოთ. რეალურად, მათი მხრიდან მუდმივი პროპაგანდა წარმოებს, რაც ხელს აძლევს რუსეთის ფედერაციას, იგივე ომის პროპაგანდა რომ ავიღოთ, რაც წარმოებს ამ ტელევიზიებისა და მათი პარტიის მხრიდან. ბუნებრივია, ესეც არის რუსული თამაში. აქედან გამომდინარე, რუსული პროპაგანდით ვინ არის დაკავებული და ვინ არა, ეს დღესავით ნათელია”. – ამბობს კობახიძე.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ აქ საუბარია ღიად პრორუსულ ძალებზე, მაგალითად ალტ-ინფოზე, კობახიძემ უპასუხა, რომ მათ საზოგადოებაზე საკმარისი გავლენა არ აქვთ.
“ხოლო რაც შეეხება ალტ-ინფოს, გავლენა არის მნიშვნელოვანი, როგორც პოლიტიკური, ისე სატელევიზიო. მათი გავლენა რომ ავიღოთ და ასევე ავიღოთ ამ სამი პრორუსული ტელევიზიის, მთავარი არხის, ფორმულასა და TV პირველის რეიტინგები, პარტიული და სატელევიზიო რეიტინგები, არის ცა და დედამიწა. აქედან გამომდინარე, თუ საქართველოში რამე არის სატელევიზიო მედია პრობლემა, არის სწორედ ეს არხები. არის სხვა ტელევიზიაც, იგივე ობიექტივი, რომელიც ასევე თავის პარტიასთან ერთად დაკავებულია რუსული პროპაგანდით. თუმცა, ჩვენი მმართველობის დროს, პრორუსული ძალების გავლენები რამდენჯერმე შემცირდა”. – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ალტ-ინფო ძალადობრივი, პუტინისტი პლატფორმაა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა 5-6 ივლისის ძალადობების წაქეზებასა და მათ გამართლებაში. ასევე, ალტ-ინფოს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურაბ მახარაძე იყო ერთ-ერთი, ვინც პრაიდის კვირეულის პირველ დღეს, 2 ივლისს გამართულ კონტრაქციას ხელმძღვანელობდა. ამას გარდა, ის პარლამენტის წინ აღმართული “ჯვრის დაცვის” აქციაზე, 9 ივლისს გამოდიოდა ძალადობისკენ მოწოდებებით.