ულტიმატუმის ვადა იწურება – დღეს 6 საათამდე გაირკვევა, დათანხმდება თუ არა საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მოთხოვნას. მესამე პრეზიდენტის ნათესავები, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებასა და სამკურნალოდ საზღვარგარეთ დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვენ. მოთხვანს “ქართული ოცნება” დუმილით შეხვდა.
“გამოვაცხადეთ ე.წ გონივრული ვადა ორშაბათს საღამომდე, მთავრობის საყურადღებოდ. მდგომარეობა არის ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროცესს ვერ დაესწრება, ეს ბევრ რამეს მეტყველებს, ვინაიდან ყოველთვის ცდილობდა პროცესი გამოეყენებინა თავისი განცხადებების გასაკეთებლად და შემართების საჩვენებლად. ახლა დანამდვილებით ვიცით, რომ ფიზიკურად მას ეს უკვე აღარ შეუძლია”, – თქვა მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა.
თუ “ქართული ოცნება” ოჯახის მოთხოვნას უგულებელყოფს, მიხეილ სააკაშვილის ნათესავები ყოველდღიური აქციების დაწყებას გეგმავენ.