„პირდაპირ გეტყვით, საქართველოსთან მიმართებით ეს განცხადება გახლავთ უსაფუძვლო და არასწორი“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ ცალკეული განცხადებები ვერ შეცვლის.
„საქართველო, ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ხელისუფლება მხარს უჭერს უკრაინას, უკრაინელ ხალხს, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს პოზიცია არ შეიცვლება და ცალკეული წარმომადგენლების განცხადებები საქართველოს მხარდაჭერას ვერ შეასუსტებს, ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია,“ – განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისათვის, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი სხვა ქვეყნების დახმარებით ცდილობს სანქციების გვერდის ავლას. დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.