გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ლაკმუსი და არა დილემა ბიძინასთვის

დარწუნებული ვარ, ძნელად მოიპოვება ამ ქვეყანაში ადამიანი, მათ შორის ოცნების რიგებში, ვისაც მე-3 პრეზიდენტის სიკვდილი სურს. ასევე იმაშიც, რომ პრაგმატულად თუ ვინმეს არ უნდა აწყობდეს ამ ისტორიის ფატალური დასასრული – ეს პირველ რიგში ივანიშვილი და ქართული ოცნებაა.

ასეთ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება მოვლენების პროგნოზირება; ქვეყნის სტაბილურობა და მასთან ერთად ოცნების ლიდერების ფიზიკური უსაფრთხოებაც კი შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. არადა სააკაშვილის ჯანმრთელობა რომ უკიდურესად მძიმეა ამაში ეჭვი ნამდვილად არ მეპარება. მე ვენდობი სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას, რომელშიც წერია, რომ მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და თუ სათანადო მკურნალობას ვერ მიიღებს, უკეთეს შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ ინვალიდიზიაცია, უარეს შემთხვევაში კი სიკვდილი.

ვიღაცამ შეიძლება ისიც თქვას, რომ ეს ყველაფერი გაზვიადებულია, სააკაშვილის პატიმრობა კი – ერთი იზოლირებული თემა, რაც ძალიან სერიოზული შეცდომაა, რადგან ის პირდაპირ უკავშირდება ისეთ სასიცოცხლო საკითხებს, როგორებიცაა საქართველოს ევროინტეგრაცია, პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება, ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებაც კი, რომლებთან მიმართებაში ხელისუფლებაშიც, ოპოზიციაშიც და ზოგადად საზოგადოების უმრავლესობაში საჯარო კონსენსუსი არსებობს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ, ფაქტობრივად შეცვალა დასავლური პოლიტიკა ჩვენს რეგიონთან მიმართებაში და საქართველოსთვის, ევროინტეგრაციის უნიკალური შესაძლებლობები გააჩინა. თუმცა, იგივე დასავლეთი, უკრაინასთან ერთად, სერიოზულადაა განაწყენებული საქართველოს ხელისუფლების როგორც განცხადებებით, ასევე ქმედებებით თუ უმოქმედობით: მიშელის შეთანხმების ჩაშლით, სახელმწიფოს ფაქტობრივი მიტაცებით და სასიცოცხლო რეფორმებზე აშკარა უარით. ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის საფრთხისადმი აროგანტული დამოკიდებულება სერიოზულ საფრთხეს აჩენს, რომ ამ პროცესში უკრაინის მხარდაჭერა დავკარგოთ, საქართველომ კი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უბრალოდ ვერ მიიღოს და ეს უნიკალური შესაძლებლობა ხელიდან გავუშვათ.

თუ ივანიშვილისა და ქართული ოცნების ევროინტეგრაციისადმი ერთგულება არა ფიქტიური, არამედ რეალურია, მაშინ მათ დასავლეთის თვალში სასწრაფო რეაბილიტაცია სჭირდებათ, რისი ყველაზე სწრაფი და საუკეთესო საშუალებაც სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება და უცხოეთში სამკურნალოდ გაშვებაა. ეს ნაბიჯი ოცნების მხრიდან იქნებოდა, ერთის მხრივ, ჰუმანური ჟესტი, რაც მათ მორალურ პოზიციებს შედარებით გააკეთილშობილებდა, მეორეს მხრივ კი – ქვეყანაში პოლიტიკური დეპოლარიზციისკენ გადადგმული გაბედული ნაბიჯი, რაც ბრიუსელის და ვაშინგტონის მოწონების გარდა კიევიდან წამოსულ კრიტიკულ შენიშვნებსაც შეამცირებდა.

სააკაშვილის უცხოეთში მკურნალობა მომგებიანი სვლაა ოცნებისთვის შიდა პოლიტიკის თვალსაზრისითაც, რითაც ის პოლიტიკური დუღილის ტემპერატურას დაბლა წევს და რიგგარეშე არჩევნების ალბათობას სერიოზულად ამცირებს. მეორეს მხრივ კი, 2024 წლის არჩევნებისთვის, რომელიც. დიდი ალბათობით. კვლავაც 5 პროცენტიანი ბარიერით ჩატარდება, ინარჩუნებს ქართულ პოლიტიკაში ტრადიციად ქცეულ,  ორპოლუსიან სისტემას, რაც დღემდე ოცნების ელექტორალური წარმატების მთავარი ფორმულაა. ხეიბარი და მით უმეტეს, ჯვარი წერია, გარდაცვლილი სააკაშვილისგან ოცნება საფრთხობელას ვეღარ შექმნის, რაც მეორე პოლუსის არსებული ფორმით შენარჩუნებას შეუძლებელს გახდის.

მეტიც, ქართულ ოცნებას საკუთარ მომხრეებთან სათქმელი და არგუმენტებიც აქვს: სამართლიანობამ უკვე იზეიმა, ნაცმოძრაობის თითქმის ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი, მე-3 პრეზიდენტის ჩათვლით, უკვე აღმოჩნდა საპატიმროში. ყველა მათგანმა სასჯელი ბოლომდე მოიხადა, სააკაშვილის გარდა, რომელიც საკუთარ ხელქვეითებზე სუსტი აღმოჩნდა ( მერე რა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა წამებასთან და ღირსების შემლახავ ქმედებებთაბთან გათანაბრებული მოპყრობის შედეგია). ამ ლოგიკით, მიშასთვის სასჯელის გადავადება, თუ მისი უცხოეთში სამკურნალოდ გაშვება, ოცნებისთვის არა სისუსტის, არამედ ჰუმანურობის, ქვეყნის საჭიროებებისადამი ერთგულებისა და საკუთარ თავში დარწმუნებულობის დემონსტრირების საშუალებაა.

ეს თავად ივანიშვილ-ოცნების ინტერესთა პრიზმიდან დანახული არგუმენტები სხვა გზას უბრალოდ არ ტოვებს, გარდა იმისა, რომ ოცნებამ გაითვალისწინოს ექიმების რეკომენდაცია და მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ივანიშვილმა, უზარმაზარი რისკის საპირწონედ, ამ მომგებიან არგუმენტებზე შეიძლება უარი თქვას, არის პუტინის შიში და მოსკოვისადმი ანგარიშვალდებულება. რადგან, რაგინდ დასუსტებულიც არ უნდა იყოს, სააკაშვილის თავისუფალ სამყაროში მოხვედრა, თუნდაც საავადმყოფოში, ამჟამინდელი გეოპოლიტიური მიწისძვრის პირობებში, ეს იქნება უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრირება და დამატებითი რესურსი კიევის პოზიციების გაძლიერებისთვის რუსეთის საწინააღმდეგოდ. განსაკუთრებით იმ ზოგადი კონტექსტის გასააზრებლად, რაც 2008 წლის გამოცდილებას და ახლანდელ აგრესიას ერთმანეთთან აკავშირებს.

არგუმენტები მაგიდაზეა. ყოველგვარ ემოციას და პიროვნულ განწყობას თუ გამოვრიცხავთ, და შეიძლება მკაცრად ჟღერს, მაგრამ ზოგადად პოლიტიკაში და განსაკუთრებით, ივანიშვილის შემთხვევაში ეს ასეცაა, სინამდვილეში არანაირი დილემა მიხეილ სააკაშვილის ბედთან დაკავშირებით საქართველოს არაფორმალური მმართველისთვის არ არსებობს: ყველა რაციონალურ და ჰუმანიტარულ არგუმენტს მისი უცხოეთში სამკურნალოდ გაშვებისკენ მივყავართ. თუ ამას არ აკეთებ, რჩება ერთადერთი – რუსი ტირანის ნების მორჩილება და კიდევ ერთი, კრემლის ურჩი ქართველი პრეზიდენტის მკვლელობა ან დაინვალიდება. ანუ ეს დილემა კი არა, ლაკმუსია!

ვნახოთ, რა გადაწონის: ქვეყნისთვის და საკუთარი პოლიტიკური მომავლისთვის უკეთესი გადაწყვეტილება თუ პუტინი და მისდამი შიში და მორჩილება.

ფორმულა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share