“მიხეილ სააკაშვილს სასიკვდილო საფრთხე ემუქრება” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გერმანული გამოცემა Spiegel. გამოცემა ექიმებზე დაყრდნობით წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესებულია, მის ამ დამძიმებულ ვითარებას კი მმართველი პარტიის წევრები დასცინიან და ცინიკურად ეხმაურებიან.
“საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ახლა პატიმრობაშია, ორჯერ შიმშილობდა. ექიმები ახლა მისი გარდაცვალების საფრთხეებზე საუბრობენ. პოლიტიკური ოპონენტები კი ცინიკურად იმეორებენ, რომ სააკაშვილმა გამოჯანმრთელების მიზნით “კვერცხი და ხაჭო უნდა ჭამოს”.
ექიმები საქართველოს ყოფილი მეთაურის გარდაუვალ სიკვდილს შიშობენ. რამდენიმე მედიკოსის თქმით, პატიმრობაში მყოფ, 54 წლის მიხეილ სააკაშვილს, რომლის ჯანმრთელობაც მძიმე მდგომარეობაშია, დროული და სათანადო მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში, სასიკვდილო საფრთხე ემუქრება.
მას შემდეგ, რაც ის პარასკევს, ციხეში გასინჯეს, რამდენიმე დამოუკიდებელმა ექიმმა განაცხადა, რომ მას მთელი რიგი დაავადებები აღენიშნება, მათ შორის კვებითი დარღვევები და ვერნიკეს ენცეფალოპათია, ასევე მძიმე ნევროლოგიური მდგომარეობა. ის დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ თანამედგოვე კლინიკაში, რათა იმკურნალოს “სტრესის ფაქტორებისგან თავისუფლად”. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დემენცია, მრავლობითი ორგანოს უკმარისობა და სიკვდილი ემუქრება.
…ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი ექიმების შეშფოთებას არაერთხელ დასცინეს. ირაკლი კობახიძემ, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ჟურნალისტებს გასულ კვირას უთხრა, რომ “სააკაშვილი მხოლოდ ნაწყენია, რადგან გისოსებს მიღმა მისი ცხოვრების ხარისხი გაუარესდა. ექსპრეზიდენტმა კვერცხი და ხაჭო უნდა ჭამოს და ამის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება”.
ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ, Amnesty International-მა სააკაშვილის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მოპყრობა “აშკარა პოლიტიკურ ანგარიშსწორებად” შეაფასა. უკრაინის მსგავსად, საქართველოს ისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ამავე სურვილით მიმართავს NATO-საც” – წერს გამოცემა.