ფინეთის პრეზიდენტმა საულ ნიინისტომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ოფიციალურად შეიტანს განაცხადს ნატო-ს ალიანსში წევრობისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.
„დღეს ჩვენ, პრეზიდენტმა და მთავრობის საგარეო პოლიტიკის კომიტეტმა, ერთად გადავწყვიტეთ, რომ ფინეთი განაცხადს შეიტანს ნატოს წევრობისთვის“, – განუცხადა ფინეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ჰელსინკის პრეზიდენტის სასახლეში, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან სანა მარინთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.
ფინეთის პირველი პირების თქმით, აღნიშნული ნაბიჯი რატიფიცირებული უნდა იყოს ქვეყნის პარლამენტის მიერ.
„იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი უახლოეს დღეებში დაადასტურებს გადაწყვეტილებას ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადის თაობაზე“, – აღნიშნა მარინმა.
მედიის ცნობით, ჩრდილო ევროპული ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი გააუქმებს შვედეთის ორსაუკუნოვან ნეიტრალიტეტსა და ფინეთის სამხედრო მიუმხრომლობის პოლიტიკას, რომელიც 75 წელზე მეტს ითვლის.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფინეთის პრეზიდენტთან საულ ნიინისტოსთან სატელეფონო საუბრისას განცხადა, რომ ნატოში გაწევრიანების გეგმები “უარყოფითად იმოქმედებს რუსეთ-ფინეთის ურთიერთობებზე”.