”არსებული ხელისუფლების განცხადებები – უტიფრობის, სახელმწიფო ღალატისა და უვიცობის სინთეზია” – ასე ეხმაურება ჟურნალისტი და “გურიის მოამბის” დამფუძნებელი ვლადიმერ მენაბდე ხელისუფლების განცხადებებს ცხინვალში დაგეგმილი რეფერენდუმის შესახებ და სოციალურ ქსელში წერს:
”არსებული ხელისუფლების განცხადებები – უტიფრობის, სახელმწიფო ღალატისა და უვიცობის სინთეზია – მოდით, ავიღოთ მაგალითად, კობახიძის განცხადება ცხინვალში დაგეგმილ რეფერენდუმზე: “ეს სააკაშვილის ხელისუფლებიდან მემკვიდრეობად გვერგო” – თქვა მან.
ცხინვალის რეგიონში დაძაბულობის ესკალაცია გასული საუკუნის 80 იანი წლების მეორე ნახევრის მიწურულს დაიწყო, მდგომარეობა შეიარაღებულ კონფლიქტში კი მას შემდეგ გადაიზარდა, რაც ეროვნული მოძრაობის ერთმა ფრთამ, რომელსაც ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდა, 23 ნოემბერს, გიორგობა დღეს, 10 ათასამდე საქართველოს მოქალაქე დასძრა თბილისიდან ცხინვალისაკენ, იქ, ადგილზე მიტინგის ჩასატარებლად.
სოხუმში ვლადისლავ არძინბას ხელისუფლებაში მოსვლა, რომელიც სათავეში ჩაუდგა სეპარატისტულ მოძრაობას და შემდეგ რეჟიმს, აფხაზეთის არჩევნების უცნაური ფორმულით ჩატარებამ გამოიწვია, რომლის ავტორიც ბატონი ლევან ალექსიძე იყო. ამ ფორმულით ჩატარებული არჩევნების შედეგად აფხაზურმა მხარემ აფხაზეთის უზენაეს საბჭოში უფრო მეტი მანდატი მიიღო ვიდრე ქართულმა, თავმჯდომარედ არძინბა აირჩიეს, მოადგილედ თამაზ ნადარეიშვილი. მაშინდელი აფხაზეთში მოქმედი ქართული ოპოზიცია მკაცრად აკრიტიკებდა ზვიად გამსახურდიას, რომლის პრეზიდენტობისას მოხდა ეს არჩევნები, ალექსიძის ფორმულის გამო. მოვიდა ედუარდ შევარდნაძე, აფხაზეთში ომის დროს, მან ბევრი იარა ტყეში, რომ ქართველების მიერ ჩამოგდებულ რუსულ თვითმფინავს ფეხით შედგომოდა და მსოფლიოსთვის დაემტკიცებინა, რომ აფხაზეთს რუსები ბომბავდნენ-მაშინ ესეც პრობლემა იყო….
არასდროს შევარდნაძეს არ უთქვამს, არცერთ დონეზე, ყოველი შემთხვევისთვის ასეთი მამაძაღლური სიხშირით, რომ ომი გამსახურდიამ დაიწყო, ან კიდევ კონფლიქტი წინა ხელისუფლებიდან მემკვიდრეობით მიიღო..
თავის მხრივ სააკაშვილს არასოდეს უთქვამს, რომ რომელიმე კონფლიქტში დამნაშავე შევარდნაძის ხელისუფლება იყო და აფხაზეთის დაკარგვაში არასოდეს დაუდანაშაულებია ის, არ უთქვამს რომ ომი საქართველომ დაიწყო სოხუმში- არადა ამის საფუძველი ყველას ნამდვილად ჰქონდა-რომ არა რუსეთის მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, გრაჩოვის მიერ კიტოვანისადმი, მაშინდელი საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ახალციხის ბაზის გადაცემა, მწყობრიდან ნახევრად გამოსული ტანკების, რომლითაც დაიძრა ეს უკანასკნელი და სოხუმში შესვლა შევარდნაძის ბრძანების საფუძველზე-თითქოსდა იქ რკინიგზის დაცვის მოტივით…
მოკლედ არც ზვიად გამსახურდიას არ უთქვამს არასოდეს რომ ცხინვალის კონფლიქტი, ან აფხაზეთში პროცესების ესკალაცია პატიაშვილმა, ან გუმბარიძემ დაიწყო, ის ყოველთვის კრემლს ადანაშაულებდა, არც შევარდნაძეს უთქვამს არასოდეს, რომ ეს კონფლიქტები ზვიად გამსახურდიამ დაიწყო და მისი ბრალია, ისიც ამაში ყოველთვის კრემლს ადანაშაულებდა, მაგრამ სულ hქონდა დათქმა ორი რუსეთის შესახებ, თავისთავად არც სააკაშვილს დაუდანაშაულებია არავინ ამ კონფლიქტებში რუსეთის გარდა..
ესენი რა უჯიშო, სამშობლოს სიყვარულისგან დაცლილი ნაძირლების ჯოგი შემოგვესია, ვინ გაზარდა, სად დაიბადნენ, ამდენი სიძულვილი, შური და ღვარძლი ქართველების მიმართ სად დააგროვა ამ ხროვამ, სად “შოულობენ” ამ ფრაზეოლოგიას, ან და მოკლედ რომ ვთქვათ ვინ დაგვწყევლა ასე ……., რომ ამდენი “ერთობლიობა” დაგვატყდა თავს…” – წერს მენაბდე.