საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთში იმყოფებოდა, სადაც ორაგულის მეურნეობა „გურია ფიშ ფარმინგი” დაათვალიერა.
პრემიერს მეურნეობაში კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი ჩხაიძემ უმასპინძლა.
პროექტი ითვალისწინებს თევზის თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოებას წყლის რეზერვუარებში. რეზერვუარები სპეციალური მილის საშუალებით შავი ზღვის წყლით მარაგდება.
გიორგი ჩხაიძის თქმით, წარმოების მასშტაბები საშუალებას იძლევა ადგილობრივი წარმოების ნორვეგიული ორაგული მიაწოდოს როგორც ადგილობრივ, ისე ევროპის და აზიის ქვეყნების ბაზრებს. კომპანია ორაგულის ქვირითის შესყიდვას ნორვეგიიდან ახორციელებს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა მაქსიმალურად უწყობს ხელს მსგავსი მეურნეობების განვითარებას და სხვადასხვა სახელმწიფო პროგრმების საშუალებით მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.
პროექტის ღირებულება 8,5 მლნ ლარია, საიდანაც 5 მლნ ლარი დაფინანსებულია პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში.
პროექტი გათვლილია 5 წელზე და კომპანიის მენეჯმენტი ჯამში 200 მლნ ლარის ინვესტირებას გეგმავს. მეურნეობაში 18 ადამიანია დასაქმებული.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური