სერიოზული შეტევაა მედიის თავისუფლებაზე, არ შეიძლება იგნორირებული იყოს EU-ს განაცხადის ფონზე – ევროპარლამენტარი ნიკა გვარამიაზე

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას ევროპარლამენტარი და IRI-ის ყოფილი დირექტორი მირიამ ლექსმანი ეხმაურება და წერს, რომ ეს სერიოზული თავდასხმაა თავისუფალ მედიაზე და ფუნდამენტური თავისუფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შელახვის მცდელობების ნაწილია.

“ნიკა გვარამიასთვის 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა სერიოზული შეტევაა მედიის თავისუფლებაზე და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შელახვის მცდელობის განუწყვეტელი ნაწილია. ეს მოვლენები არ შეიძლება იგნორირებული იყოს საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადის ფონზე”,- დაწერა ლექსმანმა.

ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. “რუსთავი 2-ის” საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას კი 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share