ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატის ენმ-დან, ბესო ქათამაძის სასამართლო პროცესი, რომელიც პატრულს თვალთვალსა და დევნაში ადანაშაულებს და დღეს იყო დანიშნული, მოსამართლე ია ბარამიძის გადაწყვეტილებით სამშაბათისთვის გადაიდო.
ბესო ქათამაძის უფლებას ადვოკატი კახა ჩავლეშვილი იცავს. მოსამართლემ, ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილა რამაც პროცესის გადადება განაპირობა.
შეგახსენებთ, ქათამაძის განცხადებით, მასზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი სუსის კოორდინაციით თვალთვალს ახორციელებდა.
როგორც დეპუტატი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, გასული წლის ბოლოს, როცა ის შემოქმედის ეპარქიიდან, მეუფესთან შეხვედრის შემდეგ საკუთარ ავტომობილში ჯდებოდა, მას თავს დაესხა საპატრულო პოლიციისა და სუსის რამდენიმე თანამშრომელი.
“მიუხედავად იმისა, რომ დროებითი საშვი მქონდა და ღამის საათებში გადაადგილების პრობლემა არ უნდა შემქმნოდა, დამაჯარიმეს ორი ათასი ლარით, გამიყალბეს ალკო ტესტი და ავტომობილის ექვსი თვით მართვა ამიკრძალეს. ეს გავდა თავდასხმას, როცა ყველანაირი კანონის წინააღმდეგ მიდიან” – გვითხრა ქათამაძემ.
დეპუტატი, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ შედგენილი ოქმების ბათილად ცნობას ითხოვს.