ბიჭი რომელიც ციხეში წამების შემდეგ ეტლს მიეჯაჭვა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის მკვიდრი, აკაკი თოხაძე, სხვისი  ქონების დაზიანებისთვის 2011  წლის 16  დეკემბერს დააკავეს, მისი წამება დაკავების პირველი დღიდან დაიწყო. გლდანის #8 სასჯელაღსრულების  დაწესებულებაში მოხვედრის შემდეგ, მას ორჯერ მოუწია იმ ავბედითი კარანტინის  დაშლის გავლა, რომელსაც  პატიმრები „წითელი პარასკევი“-ს  სახელით იცნობენ.

ჯანმრთელი შევიდა ციხეში,მაგრამ სასჯელის ბოლომდე მოხდა ვერ მოახერხა. ციხის ბადრაგებმა მას ისე  სასტიკად სცემეს და ისე დაასახიჩრეს, რომ მამაკაცი ეტლის გარეშე ვეღარ გადაადგილდება. სახელმწიფო იძულებული გახდა   პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა, თუმცა მოსახდელი სასჯელის დარჩენილი ვადა არ გაუუქმებიათ. მამაკაცი ახლა ვალდებულია, ყოველ წელს ძვირადღირებული  სამედიცინო შემოწმება გაიაროს, რათა დაფიქსირდეს,რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა  და ისევ ციხეში შებრუნება არ შეიძლება. თუ ამ შემოწმებას არ გაივლის, მას მაშინვე საპატიმროში დააბრუნებენ, რაც ერთხელ მოხდა კიდეც. მამაკაცს  ფული არ ჰქონდა ექიმთან მისასვლელად  და ის ციხეში დააბრუნეს, მაგრამ მედიკოსები ამბობენ, რომ მსჯავდებულს იმდენად მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული, რომ მისი მდგომარეობა  უბრალოდ ვერანაირად  ვერ გაუმჯობესდება.

„მე დამიბრუნონ ჩემი ჯანმრთელობა  და რაც მომისაჯეს თავიდან,  არც მაგათი განახევრება მინდა, არც ამინისტია.  ექვსივე  წელს მოვიხდი, ოღონდ ჯანმრთელად ვიყო. მე რომ დავაშავე და პატიმარი ვარ, იმას არ ნიშნავს, რომ  მაწამონ. მე დავაშავე  მომისაჯენ იმის შესაბამისი  6 წელი, მეტი რავი. 2000 ლარი  მქონდა თუ 2500  ზარალი და 6 წელზე მეტი არც კი შეიძლებოდა  მგონი ჩემს  მუხლზე მოცემა. მაქსიმუმი 7 წელი  იყო და მომცეს 6 წელი. მე პატიმარი ვარ   შესაბამის პირობებში უნდა ვიყო. კი  დავაშავე, საზოგადოებისთვის  საშიში ვარ , მაგრამ იქ ციხეში რომ მიგყავარ,  იქ რატო მაწამებ?!“.

ისე მომიწია, რომ ხუთშაბათს  მივედი თუ პარასკევს  და იმ დღესაც მოუწია დაშლა. ჩვეულებრივად გამარონიეს კარანტინი და დამტოვეს და მეორე კვირას  კიდე მოუწია. პირველი ცემის  მერე  მიჭირდა  სიარული, ვგრძნობდი  ტკივილს, მარა შემდეგ და შემდეგ,  დღეები  რომ გადიოდა უფრო ვგრძნობდი, მაგალითად  დღეს, რომ მცემდნენ  ხვალ და ზეგ  უფრო ვგრძნობდი ტკივილს, მიბუჟდებოდა, მერთმეოდა ძალა. ისე იყო იმ დროს ექიმის მოთხოვნა  ძნელი იყო. კბილის ექიმი რომ მოვითხოვე, ისე დამარტყა ყბაზე ყველაფერი  ტკივილი გამიყუჩდა. უკვე  შეგუებული ვიყავი იმას, რომ არც  ექიმი არ უნდა მომეთხოვა და არც არაფერი“.

ამის შემდეგ აკაკის  ხერხემლის ტკივილები დასჩემდა  და  ნელ-ნელა გადაადგილებაც გაუჭირდა. თუმცა დაკავებიდან ორ თვეში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა  სერიოზულად,  სულ სხვა კუთხით გართულდა. პატიმარი გამოსაკვლელვად  ციხის  რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„გამიკეთეს  კატე  და იქედან წამოყვანილი დამაბრუნეს კამერაში  და 2 საათში დამიძახეს, რომ  უნდა გადმოხვიდე ტუბერკულიოზი დაგიდასტურდაო.  „ა“ კორპუსი  იყო ადმინისტრაციის  წინ,  101  თუ  102 კაბინეტში  ე.წ.„ტუბხატებს“ უწოდებდნენ  ანუ იქ იყო 4-თუ  5  კამერა, სადაც ტუბიანები ყავდათ. იქ დავყავი დაახლოებით ორთვენახევარი და  და  დახურულ სისტემაში მომიწია  თითქმის  ნახევარი  ტუბერკულიოზის  მოხდა  და  უფრო გამირთულდა. მედიკამენტებს იქაც ვიღებდი, მაგრამ  სირთულეს მიქმნიდა ის, რომ დაკეტილ სისტემაში ვიყავი“.

ტუბერკულოზის დიდი ვაი-ვაგლახით დამარცხების შემდეგ, აკაკიმ აღმოაჩინა, რომ ც ჰეპატიტითაც  იყო დაავადებული. ვარაუდობს, რომ მისი ინფიცირება ციხის  საავადმყოფოში მკურნალობის  დროს მოხდა. თუმცა აღმოჩნდა,რომ არც  ეს იყო უკანასკნელი ქვა, რომელიც მას აღმართში დაეწია.

„ჯერ  ცალი ფეხი წამერთვა, შემდეგ საერთოდ  და ერთ  დღეს  ისე მოხდა, რომ რუსთავის მეორეში  რომ დავწექი ღამით,  დილას  დაბუჟებული ვიყავი, საერთოდ გრძნობა აღარ მქონდა, ვერ ვექანებოდი ისე ვიყავი. მაგის შემდეგ გადამიყვანეს „რესბალნიცაზე“. იქ დაადგინეს დიაგნოზი   რომ „ცენტრალური არხის სილინგომელიური ბილატაცია“, სადღაც 4  მალაზე მაქვს.  ეს დაავადება  არის  ან თანდაყოლილი ან პოსტტრავმული  და მე თანდაყოლილი არ მაქვს, იმიტომ რომ  თუ თანდაყოლილია დაბადებიდანვე ინვალიდები არიან, ანუ გამოდის რომ მე მაქვს პოსტტრავმული, ანუ შეძენილი“.

ამ დიაგნოზით ციხეში მყოფ პატიმარს დაუყოვნებლივ გათავისუფლება თუ არა მინიმუმ სასჯელის გადავადება ეკუთვნოდა. თუმცა ვიდრე  აკაკიმ პროტესტის  უკიდურეს ფორმას, შიმშილობას არ მიმართა  ყურადღება ვერავისგან მიიქცია.

„რასაც  ქვია მართლა მკვდარი ვიყავი. მარტო გადასხმას მიკეთებდენ, მაბრუნებდენ გადასხმით  ანუ გავითიშებოდი, გამიყვანდენ  „რესბალნიცაზე“  გადასხმებს გამიკეთებდენ, დამაბრუნებდენ და იმწამსვე შემოვდიოდი თუ არა  ციხეზე, ვიწყებდი შიმშილობას. არ ვწყვეტდი შიმშილობას“.

ბოლოსდაბოლოს პროტეტსმა შედეგი გამოიღო. 2013 წლის აგვისტოში, აკაკი თოხაძეს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის შემდეგ სასჯელაღსრულებით  დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიემართა. თუმცა მას ზურგისტვინის მუდმივი პროგრესირებადი უმძიმესი ქრონიკული  დაავადების მქონე პატიმრის გათავისუფლების ნაცვლად, მისთვის, მხოლოდ,  სასჯელის გადავადება მოითხოვეს.

“ჩემზე შეეძლოთ,  ანუ 2013  წელს კანონი საშუალებას  აძლევდა,  რომ გადავადებით არ შესულიყვნენ და შესულიყვნენ  შუამდგომლობით, რომ გავენთავისუფლებიე სრულად, იმიტომ რომ იცოდნენ ჩემი დიაგნოზი  ექსპერტებმაც,   რომ მე არ  ვექვემდებარებოდი განკურნებას და ვიყავი პროგრესირებადი ავადმყოფი  ანუ ვმძიმდებოდი. გადამივადეს ერთი წლით და დამაკისრეს მე თვითონ ჩემი ხარჯებით გამეკეთებია  ექსპერტიზა ყოველწლიურად, რომელიც დაახლობეით  1500 ლარიდან 2000 ლარამდე  მინიმუმი ჯდება“.

ჯერ კიდევ 2013  წლის 19 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნაში წერია:  „აკაკი თოხაძე  ნევროლოგიური თვალსაზრისით  მძიმე ავადმყოფია. აკაკი თოხაძეს დაუდგინდა  დიაგნოზი: „სირინგომელია, ქვედა ღრმა პარაპარეზი, საყრდენ-მამოძრავებელი ფუნქციის მკვეთრი მოშლით“. ამის შემდეგ 2014,2015,2016, 2017, 2018-ში გამოკვლევა  ვერ ჩაიტარა.  2019  და 2020  წელს გაცემულ ყველა საექსპერტო დასკვნაში  იცვლება, მხოლოდ,  დასკვნის ნომრები და მისი გაცემის თარიღები. თავად დიაგნოზსში  კი, ექსპერტები არა თუ რომელიმე სიტყვას, არამედ  წერტილ-მძიმესაც  არ ცვლიან.

დიმიტრი ნოზაძე,  ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი – “კეთილი ადამიანების დახმარებით იტარებდა აღნიშნული  ექსპერტიზის  დასკვნას. თუმცა 2019  წლის იანვრის თვეში მოხდა მისი დაკავება ვინაიდან ვერ ჩაიტარა  2018 წლის ექსპერტიზის  დასკვნა და მოხდა მისი შესახლება  ჯერ ქუთაისში, ხოლო შემდეგ მეთვრამეტე დაწესებულებაში გლდანში“.

“ძაან მძიმე  ასატანი იყო  ის ფსიქოლოგიურად.  იქ  ზეწოლა და რამე არ ყოფილა, მაგრამ ჩემთვის ფსიქოლოგიური მომენტი  იყო. ჯერ თვითონ ეტლში ვიყავი და   სახლში  ეზოში მაინც  გავდიოდი  და იქ,  საერთოდ დაკეტილი იყო  და უფროა უარესი.  სამი  თვე  და სამი დღე გამაჩერენ,    რომ დარწმუნდნენ ინვალიდი ვარ გადამიყვანენ  ისევ, ანუ მძიმე ავადმყოფი  ვარ,  არ გამოვჯანმრთელებულვარ და  გამომიშვეს  უკან ისევე“.

აკაკის  6 წელი ჰქონდა მისჯილი. 2012  წლის ამნისტიის შემდეგ  მას სასჯელის  ზომა გაუნახევრდა. სამი წლიდან, ორი უკვე მოხდილი აქვს. შესაბამისად სახელმწიფო უკვე მერვე წელია  მის ფინანსურ  და რაც მთავარია  ფსიქოლოგიურ ტერორს პატიმრობაში გასატარებელი წელიწადისა და 14 დღის  გამო ეწევა.

„შეუძლიათ დღესვე დამაკაონ.  სამი შვილი  მყავს და ბავშვები მშიერია.  მე მაგას ვერ  გავიკეთებ,  1500 ლარი  ღირს.  თან დამრჩე  წელი  და დღეები. თუ ასე უხარიათ ჩემი წასვლა,  წამიყვანონ  იქ, მიპატრონონ,  შესაბამისი მკურნალობა გამიწიონ.  მირჩევნია იქ ვიყო, სახლში ვერ ვმკურნალობ მაინც  და სახელმწიფოს  თუ ურჩევნია  წამიყვანონ.  წესით  უფრო მეტი უნდა დაუჯდეს. მე  აწი რომც მინდოდეს რამეს დაშავება, მაინც  ვერ დავაშავებ,  ეტლში ვარ“.

ახალი წლის  დაწყება აკაკისთვის ნიშნავს,  რომ ოჯახში დარჩენა და სამ მცირეწლოვან შვილთან უშუალო ურთიერთობა, ისევ საფრთხის  ქვეშ  დადგა, რადგან მას სახელმწიფოსთვის  წელსაც მოუწევს იმის მტკიცება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა  სავალალო  აქვს. ისევ ეტლში  ზის  და მისი ავადმყოფობა  ისევ პროგრესირებს. საშველი კი არსაიდან ჩანს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share