ოპოზიციური მედიის მფლობელის, ნიკა გვარამიას განაჩენი პოლიტიკური მოტივით განსხვავებული ხმის ჩახშობაა – ასე ეხმაურება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, Amnesty International “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პოლიტიკურ დაპატიმრებას.
საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში ხაზგასმით წერია, რომ ნიკა გვარამია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს. Amnesty International-ის დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, მარია სტრუტერსმა თქვა:
„ნიკა გვარამიას განაჩენი არის პოლიტიკურად მოტივირებული უხეში დევნა მისი განსხვავებული შეხედულებებისა და ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ. მას ახლა გისოსებს მიღმა წლები ემუქრება, რადგან მთავრობა აძლიერებს ძალისხმევას განსხვავებული ხმების ჩასახშობად. ნიკა გვარამია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.
Amnesty International ღრმად შეშფოთებულია ამ საქმის უკან არსებული პოლიტიკური მოტივებით, რომელიც შექმნილია გამოხატვის თავისუფლების ჩასახშობად. ორგანიზაცია შეშფოთებულია, რომ ამ საქმეში არ არსებობდა ბრალის წარსადგენად საკმარისი დანაშაული, რაც დაადასტურა საერთაშორისო გამჭვირვალობამ და საქართველოს სახალხო დამცველმა, რომელიც აკვირდებოდა სასამართლო პროცესს. როგორც ეს საქმე მიდის გასაჩივრებაში, ეს საკითხები უნდა გადაიჭრას.
ნიკა გვარამიას დამნაშავედ ცნობა ხაზს უსვამს მზარდ შეშფოთებას საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებაზე და ავლენს ხელისუფლების მზარდ გავლენას სასამართლოებზე რიგ საქმეებში, რომლებიც მიზნად ისახავს მათი კრიტიკოსებისა და ოპონენტების დათრგუნვას”,- ვკითხულობთ განცხადებაში.
ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.