“სისტემატურად არ ხდებოდა, მიბრძანდით”-ასეთია 11 წლის მოზარდის დედის პირველი კომენტარი, რომლის ქმარიც, მის შვილზე სავარაუდოდ წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა.
შემზარავ ამბავს, უფრო მეტად შემზარავი გაგრძელება აქვს. უმძიმესი დანაშაულის შესახებ 11 წლის გოგომ პოლიციას თავად აცნობა და შველა ითხოვა. გოგონა ახლა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. ბავშვმა პოლიციელებს უთხრა, რომ მამინაცვალი მასზე სხვადასხვა სახის სექსუალურ ძალადობას სისტემატიურად ახორციელებდა.
30 წლის მამაკაცი გოგონას დედაზე შვიდი წლის წინ დაქორწინდა. ადგილობრივები ამ საკითხზე საუბარს გაურბიან. მეზობლები კი კომენტარის გაკეთების დროს, აგრესიით გამოირჩევიან: “არ მაინტერესებს რა მოხდა, ხომ მიუსაჯეს იმ კაცს, ჰოდა მორჩა”.
სკოლაში კი, სადაც გოგონა სწავლობდა მომხდარით გაოგნებულები არიან. მათ ამის შესახებ, მხოლოდ პოლიციისგან გაიგეს. “სისტემატიური კომუნიკაცია გვქონდა მშობელთან და არაფერი ჩვენთვის მსგავსი ცნობილი არ იყო. სკოლაში გვყავს მანდატური და ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური სამსახური. ისინი საქმის კურსში არიან”-აცხადებენ სკოლაში.