დღეს ოზურგეთის სასამართლომ, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, თათია ნიკოლაშვილი დამნაშავედ სცნო და მას სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
თათია ნიკოლაშვილი, ოზურგეთის პოლიციამ, რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ოზურგეთში, საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის წინ, იმ დროს დააკავა, როცა მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეყნის პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებოდნენ.
შსს მ ნიკოლაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა, რომლის მიხედვითაც დეპუტატს უწყება 273 მუხლის პირველი ნაწილით-დაუმორჩილებლობა-ედავება.
ოპოზიციაში აცხადებენ რომ დეპუტატი არა ჩადენილი ქმედებისათვის გაამტყუნეს არამედ იმისათვის რომ მას პრემიერის სტუმრობისას “შესაძლოა რაღაცა მოეფიქრებინა”.
“გურიის მოამბეს” კითხვაზე, თუ რის საფუძველზე გამოცხადნენ პოლიციელები ადგილზე, სადაც დეპუტატი ნიკოლაშვილი იდგა, პოლიციელებმა გვიპასუხეს, რომ “განხორციელდა ზარი 112-ში”.
როგორც რედაქციამ შინაგან საქმეთა სამინისტროში არაოფიციალურად გაარკვია-ზარი “112-ში” შევიდა სატელეფონო ნომრიდან-599 50 20 84;
ჩვენ გადავამოწმეთ ეს ნომერი და გავარკვიეთ, რომ, ის ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, მეტსახელად “ნათლიმამას” – ლავრენტი ბიგვავას ეკუთვნის.
ცნობისათვის: ეს უკვე მეორე შემთხვევაა როცა ლავრენტი ბიგვავას ცრუ დასმენით პოლიცია საკრებულოს დეპუტატს აკავებს.
მიმდინარე წლის დასაწყისში პოლიციამ საკრებულოს სხდომაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე დააკავა.