თედორე საქართველოში წარმართობისას გავრცელებული რწმენით იყო მფრაველი და შემწე გლეხობისა, ამიტომაც მას ხალხი დიდ პატივს მიაგებდა, მას მოიხსენიებდნენ როგორც “დიდ მშრომელ მიწათმოქმედს” და ასევე როგორც “დიდ ბატონს”. ასევე იგი ითვლებოდა შინაური ცხოველების განსაკუთრებით კი ცხენების მფარველად, წარმართობიდან ქრისტიანობაზე გადასვლის პერიოდში ძველი კულტები ახალ, თანამოსახელე ქრისტიანულ წმინდანებთან დააკავშირეს და ხალხმა ამგვარად განაგრძო წარმართული კულტების მსახურება. თევდორეს კულტი დაუკავშირდა ქრისტიანულ წმინდან თეოდორეს (თევდორეს) რომელიც მეორე საუკუნეში იმპერატორ ადრიანეს ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს.
.
მე-19 საუკუნეში ვინაც კი გურიაში გაივლიდა ყველა აღნიშნავდა ჭიშკრებთან გამოფენილ ცხენის თავის ქალებისა და ნალების სიმრავლეს, რომელსაც მოსახლეობა ცხენისა და შინაური ცხოველების ავი თვალისა და ავდმყოფობისაგან დაცვის დანიშნულებით იყენებდა, რაც დაკავშირებული უნდა ყოფილიყო გურიაში გავრცელებულ “თედორეს” კულტთან.
.
1848 წლის გაზეთ „კავკაზში“ გამოქვეყნებულია ნაკაშიძის წერილი გურულ წესჩვეულებების აღწერით, მათ შორის აღწერილია თედორობაც. გთავაზობთ ტექტს: „დიდმარხვის პირველ დღეს გურული ქალი ცომისაგან აკეთებს რადმენიმე თვალისოდენა ბურთულას, რომლებსაც აწყობენ თევშზე, რომლის კიდეებზე დამაგრებული აქვს ანთებული სანთლები, რის შემდეგაც ლოცულობენ და ღმერთს შესთხოვენ, რომ თუ კი რომელიმე მათგანს ჩუტყვავილა შეეყრებოდა ადვილად გადაეტანათ; შემდეგში ცომი ბურთულებს აგდებენ წყალში. მათთვის ვისაც ჯერ კიდევ არ შეყროდათ ჩუტყვავილა ქავილის შემთვევაში არ შეიძლება ფხანა, ასევე არ შეიძლება წაიკითხონ წიგნი, არ უნდა შეხედონ ქერის თავთავს და არაფერი არ უნდა შეკერონ, რადგანაც თვლიან, რომ რამდენი მარცვალიცაა თავთავში, რამდენ ნაკერსაც გააკეთებენ, რამდენ ასოს წაიკითხავენ იმდენი ყვავილის ლაქა ექნებათ სხეულზე.
.
ამავე კვირის პირველ შაბათს ცომისაგან აკეთებენ – ცხენის, ჩაქუჩის, ნალის, ლურსმნის, უნაგირის, აკვნის და ა.შ. ფიგურებს, რომლებსაც აცხობენ; შემდეგ წყალგარეული ღვინით ავსებენ ძალიან დიდ და ღრმა ჯამს, რომელშიც ჩააწყობენ გამომცხვარ ფიგურებს და ჯამის კიდეებზე დაამაგრებენ ანთებულ სანთლებს, შემდეგ ამ ჯამთან ლოცულობენ წმინდა თეოდორის სახელზე და შესთხოვენ მას ცხენების სიმრავლეს, ლოცვის დამთავრებისას ყველანი ზურგზე ხელებდაწყობილი მიდიან ჯამთან დაიხრებიან და პირით იღებენ ჯამში მოცურავე ფიგურებს, ამოღებისთანავე ცხენის ჭიხვინის მიბაძვით მირბიან კარისაკენ რომელსაც ფეხისკვრით აღებენ და გარეთ გადიან, ასე გრძლედება მანამ სანამ ყველა ფიგურას არ ამოიღებენ ჯამიდან.“
.
გურიის „თედორობის“ მსგავს მეგრულ „გაცხენების“ რიტუალს და თერდობის ლოცვას აღწერს კონსტანტინე გამსახურდია „მთვარის მოტაცებაში“ – „ლუკაიამ იმავე საღამოს თერდობის ლოცვა გამართა. გააკეთებინა პურის ცომისაგან პაწია ქანდაკებანი: ცხენისა, უნაგირისა, სადავისა, მოსართავისა და მათრახისა. ეს ყოველივე ხონჩაზე დაელაგებინა, შემდეგ ღვინო გადაასხა, ხონჩა კერის აღმოსავლეთით დადგა. ძგიდეებზე თაფლის სანთლები მიამაგრა და აანთო. ჩაბალახით პირი შეიბურა, ხელები წაიკარწახა, დაოთხდა, რამდენჯერმე ჭიხვინითა და ხვიხვინით გარს შემოუარა ხონჩას, პირით იღებდა ცხენის მოდელს, კარისაკენ მიდიოდა და წიხლებს უშენდა კარს და ნაბუქოდონოსორ მეფესავით ოთხზე შემდგარი ტლინკებს ისროდა და ხონჩიდან ღვინოს სვამდა“.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა