სუს-ის უფროსი, 11 მერი და ერთი ინსპექტორი ჟურნალისტების წინააღმდეგ – რა ხდება, როცა მოხელეები მედიას უჩივიან?

როდესაც ჟურნალისტები სასამართლოში ჩივიან, საქმე წლობით იწელება, რა ხდება მაშინ, როდესაც დავას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები იწყებენ?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ორ კრიტიკულ ტელევიზიას, „მთავარ არხსა“ და „ფორმულას“ 2022 წლის 10 თებერვალს ერთდროულად უჩივლა.

„სრული სიცრუე და ცილისწამებაა“, – თქვა ლილუაშვილის ადვოკატმა რეპორტაჟებზე, რომელშიც აღწერილი იყო სუს-ის უფროსის კავშირი „ქოლ-ცენტრების“ თაღლითურ სქემებთან. მან სარჩელი სასამართლოში შეიტანა, ტელეკომპანიებს ფაქტების უარყოფა და სიმბოლური ჯარიმა 1 ლარი მოსთხოვა.

ქართულმა სასამართლომ სუს-ის უფროსის საქმე რეკორდულ დროში განიხილა და დაადგინა, რომ ტელევიზიებში გასული სიუჟეტებით გრიგოლ ლილუაშვილს პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია შეელახა.

ჯამში, სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე 2,5 თვე დასჭირდა სასამართლოს და ესეც იმიტომ, რომ ჩვენ, ადვოკატებს გვჭირდებოდა მეტი დრო მოსამზადებლად. სხვა შემთხვევაში, სასამართლო ორიენტირებული იყო, კიდევ უფრო ადრე დაესრულებინა ეს საქმე. პირდაპირ უნდოდა, ზედიზედ ჩაესვა განხილვები, უბრალოდ შემდეგ აღდგომა, დასვენების დღეები დაემთხვა“, – ჰყვება იურისტი მარი კაპანაძე, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ ინტერესებს იცავდა.

ლილუაშვილმა სასამართლოში სარჩელი 26 იანვარს შეიტანა. პროცესები აპრილის თვეში გაიმართა და საქმეზე, რომელსაც 3 მოპასუხე ჰყავდა, მოსამართლეს ჯამში 6 სხდომა დ,ა დაახლოებით, 19 საათი დასჭირდა გადაწყვეტილების გამოსატანად.

„პროცესებს ატარებდა სრული სამუშაო დღის დატვირთვით. მოსამართლემ სელექციურად, პრიორიტეტი მიანიჭა ლილუაშვილს და დაუკმაყოფილა კიდევაც [სარჩელი], მაშინ როდესაც მას აწერია ბევრი სხვა საქმე, რომელიც უფრო ადრე იყო შესული. ამ საქმეებიდან რამდენიმეზე მოპასუხე მთავარი არხიცაა“, – უთხრა რადიო თავისუფლებას „მთავარი არხის“ იურისტმა, თამთა მურადაშვილმა.

გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი, მამუკა ღვინიაშვილი ამბობს, რომ მისთვის „სენტიმენტებია“ ყველა ის არგუმენტი, რასაც მოპასუხე იურისტები იყენებენ საქმის დაჩქარებაზე. ადვოკატის თქმით, მთავარია, რომ მისი დამკვეთის სარჩელის განხილვისას მოსამართლემ დაიცვა კანონით გათვალისწინებული ვადა.

„არგუმენტი, რომ საქმე სწრაფად წარიმართა და დასრულდა, ჩემთვის, როგორც იურისტისთვის და ადვოკატისთვის, სენტიმენტებია. მეორე მხარის პოზიციაა ის, თუ რატომ განიხილა სასამართლომ საქმე კანონით გათვალისწინებულ ვადაში და რატომ არ დაარღვია ვადა. პრეტენზია აქვთ, რატომ განიხილა საქმე სასამართლომ კანონით გათვალისწინებულ 6-თვიან ვადაში. პრეტენზია იმაზე კი არ შეიძლება ჰქონდეს ადვოკატს, ან მხარეს, ვადის დაცვით რატომ იხილავო, პირიქით, რომელ საქმეებზეც ირღვევა ვადები სასამართლოში, იმ საქმეებზე უნდა ჰქონდეთ პრეტენზია მხარეებს“, – ამბობს მამუკა ღვინიაშვილი.

კითხვაზე, ჰქონია თუ არა მას შემთხვევა, როდესაც 2,5 თვეში განიხილეს საქმე? – ადვოკატი უპასუხებს: „2,5 თვეში არა, მე მქონია ქეისები, რომელზეც საქმის წარმოება დასრულებულა კანონიერ ვადაში, შეიძლება 2 თვეში არა, მაგრამ 4 თვეში, ან 5 თვეში დასრულებულა“.

სუს-ის უფროსის საქმე ნანა შამათავამ განიხილა. ის მოსამართლედ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2021 წელს დაინიშნა, მანამდე ფოთის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი იყო.

ხელისუფლება მედიის წინააღმდეგ

„ქართული ოცნების“ 11-მა მერმა, არჩევნებზე გამარჯვებიდან მალევე, ერთიმეორის მიყოლებით, „მთავარ არხსა“ და გადაცემა „მთავარი აქცენტების“ წამყვანს ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივლა. გვარამიამ ჯერ კიდევ მათი კანდიდატობის პერიოდში ტელეკომპანიის ეთერში თქვა, რომ ისინი ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ და ფარული აგენტები იყვნენ.

თერთმეტივე მერმა (წყალტუბოს, ქუთაისის, ქარელის, ასპინძის, ადიგენის, ჭიათურის, ფოთის, ყვარლის, ნინოწმინდის, ბორჯომისა და მარნეულის) პატივისა და ღირსების შელახვის შედეგად მიღებული მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის, ერთი და იგივე თანხა – 55 555 ათასი ლარი და „მთავარი არხის“ ეთერში გასული ინფორმაციის უარყოფა მოითხოვა.

პირველი საქმე წყალტუბოს მერმა გენადი ბალანჩივაძემ მოიგო. მოსამართლემ „მთავარი არხის“ ინფორმაცია ცილისწამებად მიიჩნია.

კიდევ სამი მერის საჩივრის განხილვა დაწყებულია, სხვა პროცესები ჯერ არ ჩანიშნულა. ქუთაისის, ადიგენისა და ასპინძის მერების სარჩელების განხილვა მათი შეტანიდან 5 და 6 თვეში დაიწყო. სამივე საქმეს იგივე მოსამართლე – ნანა შამათავა განიხილავს, რომელმაც ლილუაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა.

მომჩივანმა მერებმა საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად სასამართლოს სუს-იდან აღებული ცნობები წარუდგინეს.

„გენადი ბალანჩივაძე [წყალტუბოს მერი -რ.თ.] არასდროს ყოფილა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების მოხელე, მათ შორის, სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე. ასევე, მას სამსახურთან [სუს-თან] ურთიერთობა ხელშეკრულებით, დამხმარე მოსამსახურედ ან შტატგარეშე მოსამსახურედ არ ჰქონია“, – ეწერა წყალტუბოს მერის ცნობაში, რომელიც მან სუს-ში აიღო. ეს წერილი მოსამართლემ „მთავარი არხის“ გამამტყუნებელი გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვან მტკიცებულებად მიიჩნია.

სიტყვასიტყვით იგივე ცნობები მისცა სუს-მა კიდევ ორ, ადიგენისა და ასპინძის მერებსაც. სუს-ი აქაც წერს, რომ არცერთი მათგანი არ ყოფილა მისი აგენტი.

სასამართლომ მედია გაამტყუნა 2021 წლის 19 ნოემბერსაც. ტვ პირველს ფოთის პატრულ-ინსპექტორი გელა კვაშილავა ცილისწამებისთვის უჩიოდა და 10 000 ლარს ითხოვდა. სასამართლომ ტვ პირველი სიცრუის გავრცელებასა და ცილისწამებაში დაადანაშაულა და ტელეკომპანიას 2 000 ლარის გადახდა დააკისრა. გასაჩივრების შემდეგ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა მეორე ინსტანციამაც.

რა ხდება მაშინ, როცა მედია ჩივის?

სასამართლო სხვაგვარად იქცევა, როცა მედია დავობს, იქნება ეს საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლა, სამსახურიდან გათავისუფლება თუ საჯარო ინფორმაციის კანონით დადგენილ დროში ხელმისაწვდომობა.

„არ მახსენდება საქმე, რომელიც სასამართლოს პირობებში სწრაფად და ეფექტიანად წარიმართა ან/და შედეგი დაგვეხმარა მედიის უფლებების დაცვაში“, – ამბობს ნათია კაპანაძე,Კოალიციის „მედიის ადვოკატირებისთვის“ კოორდინატორი.

მისი შეფასებით, ჟურნალისტების და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიაორგანიზაციების სარჩელებზე, როგორც სასამართლო, ისე საგამოძიებო უწყებები სწრაფად და ეფექტიანად არ რეაგირებენ.

„მაგალითად, გამოძიება სწრაფად და ეფექტიანად არ ჩატარდა 20 ივნისის საქმეზე, 5-6 ივლისს მედიაზე მასშტაბური თავდასხმის ფაქტებზე, სახელმწიფოს რეაგირება არასათანადოა ე.წ. სუს-ის ფაილების საქმესთან დაკავშირებით. ამ დრომდე ჟურნალისტები დაზარალებულადაც კი არ ცნო პროკურატურამ.

სახელმწიფო უარს ამბობს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, მაგალითად, შემიძლია მოვიყვანო რადიო თავისუფლების ორი საქმე, სადაც ჟურნალისტებს 2021 წლის ბოლოდან დღემდე არ აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია“.

„სტუდია მონიტორი“ ორი წელია ცდილობს პრემიერ-მინისტრის მიერ 2016-2020 წლებში გამოცემული განკარგულებების მიღებას. იმის გამო, რომ ჟურნალისტები ვერ იღებენ ინფორმაციას, მათ მეორე წელია დავა აქვთ საქართველოს მთავრობასთან.

„სტუდია მონიტორმა“ ერთი წლის წინ საქართველოს პროკურატურას უჩივლა. ამ შემთხვევაშიც გამომძიებელ ჟურნალიტებს სახელმწიფო სტრუქტურამ საჯარო ინფორმაცია არ მისცა. სასამართლოს დღემდე არც ამ საქმეზე მიუღია გადაწყვეტილება.

2021 წლის მარტში რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა შეიტანა სარჩელი პროკურატურის წინააღმდეგ. უწყებამ მასაც საჯარო ინფორმაცია არ მიაწოდა. რადიო თავისუფლებას აინტერესებდა, რამდენი საქმე გადაუგზავნა პროკურატურას აუდიტის სამსახურმა, რამდენზე დაიწყო გამოძიება და ვინმეს პასუხისმგებლობა გამოიკვეთა თუ არა. პროკურატურამ ინფორმაცია არ გასცა. ერთი წლის შემდეგაც, ამ საქმეზე სასამართლოს პირველი სხდომაც არ ჩატარებულა.

არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-მ გააანალიზა 2017 წლიდან დღემდე უზენაეს სასამართლოში საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებული 24 დასრულებული საქმე და დაადგინა, რომ საშუალოდ 2,5 წელი სჭირდება სამივე ინსტაციის სასამართლოში დავის დასრულებას – აქედან, პირველ ინსტანციას, დაახლოებით, ერთი წელი.

„ერთი წლის შემდეგ, თუნდაც საგამოძიებო ჟურნალისტი იყოს, თუ რაღაც საოცარ თემაზე არ მუშაობს, ძალიან საეჭვოა, ამ ინფორმაციას ჰქონდეს იგივე ღირებულება, რაც მას თავის დროზე გააჩნდა. რაკი ჟურნალისტებმა იციან, რომ [დავები] ასე იწელება, [ჩივილის] ინტერესიც აღარაა. საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასამართლოს იშვიათად მიმართავენ. ამის გამო ადმინისტრაციულ ორგანოებს თვითნებობის მაღალი მოქმედების მასშტაბი აქვთ.

არის ძალიან ბევრი დაწესებულება, რომელიც აშკარად არაკეთილსინდისიერია, ბოროტად იყენებს კანონმდებლობას ზუსტად იმიტომ, რომ სასამართლო კონტროლის არ ეშინია. ორი დაწესებულება შემიძლია გამოვყო: პირველი – საქართველოს მთავრობა, რომელთანაც განკარგულებების მიღებაზე გვაქვს დავა; მეორე – კულტურის სამინისტრო, ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ მინისტრს. როდესაც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელი იყო [თეა] წულუკიანი, იუსტიციის არცერთი უწყება ინფორმაციას არ გვაძლევდა… პიროვნებას დაჰყვება საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებული პრობლემა“, – უთხრა რადიო თავისუფლებას IDFI-ის იურისტმა გიორგი დავითურმა.

გვიანდება იმ სარჩელების განხილვაც, სადაც ჟურნალისტები სამსახურიდან უკანონოდ, დისკრიმინაციულად გათავისუფლებისთვის დავობენ. მაგალითად, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ ჟურნალისტების საქმეები, რომლებიც თვლიდნენ, რომ ტელევიზიიდან მთავრობის კრიტიკისთვის გაუშვეს, უკვე წლებია განუხილველია. ამ სარჩელების ნაწილი 2020 წლიდან ელოდება განხილვის დაწყებას. ზოგიერთის განხილვა 2 წლის შემდეგ დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა.

აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის შრომით დავაზე გადაწყვეტილება, მისი დაწყებიდან 3 წლის თავზე, რამდენიმე დღის წინ გამოაცხადეს. ყოფილი დირექტორი ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ მისი იმპიჩმენტი 2019 წელს უკანონო იყო.

„საქმის განხილვას მხოლოდ პირველ ინსტანციაში დასჭირდა იმაზე დიდი დრო, ვიდრე დირექტორი ვიყავი – დაიწყო 2019 წლის აპრილში, გადაწყვეტილება კი 2022 წლის 6 მაისს გამოცხადდა“, – ამბობს ის.

რადიო თავისუფლება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share