უკრაინიდან მოპარული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემი სირიაში ჩავიდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს.
მედიის ცნობით, ახალი სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ უკრაინული ფერმებიდან სავარაუდოდ მოპარული მარცვლეულით სავსე რუსული სატვირთო გემი ჩავიდა სირიის პორტ ლატაკიაში – ეს არის მისი მეორე მოგზაურობა ოთხი კვირის განმავლობაში.
აქამდე, “სიენენის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ უკრაინის ფერმებიდან და სილოებიდან ყირიმში რუსული სატვირთო მანქანებით ოკუპანტებს მარცვლეული გადაჰქონდათ. მაისის დასაწყისში, უკრაინის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ ოკუპირებულ რაიონებიდან რუსეთის ძალებმა 400 000 ტონაზე მეტი მარცვლეული მოიპარეს.
მარცვლეულის ქურდობა საფრთხეს უქმნის წლევანდელ მოსავალს უკრაინაში – რომელიც მარცვლეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა მსოფლიოში.
რუსული სატვირთო გემი ლატაკიაში უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე მეორედ დაფიქსირდა. გემით დაახლოებით 30 000 ტონა მარცვლეულის გადატანაა შესაძლებელი.
ამასთან, რუსეთისთვის მარცვლეული მიმზიდველი საქონელია. ხორბლის ფასი მსოფლიო ბაზრებზე დაახლოებით 400 დოლარია ტონაზე და წელს მკვეთრად გაიზარდა.