“როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ანაქრონული ომი, უკრაინელები უკვე გამარჯვებულები არიან: მათ საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის უდიდესი ფასი გადაიხადეს და გაამყარეს ის.
ძნელი სათქმელია, ხვალინდელი ევროპა რა პრინციპებით იხელმძღვანელებს და როგორ გაარჩევს სხვადასხვა ქვეყნების გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას – უკრაინის – როგორც ცენტრალური ევროპის სტაბილურობის გარანტის, კავკასიის – როგორც აღმოსავლეთთან სტრატეგიული ხიდის, რუსეთის იზოლაციის პირობებში, თუ ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით აღმოსავლეთ ბალკანეთის როლს, ამ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას დაუქვემდებარებს პოლიტიკურ პრინციპებს, თუ გამოიყენებს ერთგვარად შერეულ კრიტერიუმებს, როგორ დააბალანსებს გაფართოების აუცილებლობასა და ეკონომიკური თუ სოციალური გაღრმავების საჭიროებას. ამ მოსალოდნელი ცვლილების ფონზე, საჭიროა ჩვენ დავინახოთ ჩვენი ადგილი და შესაძლებლობები.
ჩვენ წინ ძალიან დიდი პერსპექტივები იხსნება, როგორც პატარა ქვეყანა ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან და ჩვენი მოქნილობიდან გამომდინარე, თუკი ჩვენ შევძლებთ ჩვენი ადგილის დანახვასა და გამყარებას. ვერ განვსაზღვრავთ რა იქნება რუსეთის რეაქცია, მორალური მარცხის და იზოლაციის შედეგად, რომელიც შესაძლოა, განახლებული აგრესიით მიუბრუნდეს სხვა მეზობლებს, მათ შორის საქართველოს, რისი საფრთხეც არსებობს, თუნდაც რეფერენდუმის ფორმით.
მთავარია, ამ ახალი შესაძლებლობების და საფრთხეების ფონზე, ჩვენ ვიცოდეთ რა გვინდა და როგორ გვინდა, და რა არის ჩვენი ფასეულობები. მთავარია, ვაჩვენოთ მსოფლიოს, თუნდაც თვითონ ორჭოფობდნენ, რომ შემდეგი ნაბიჯების გადადგმის შესახებ ჩვენი არჩევანი ურყევია!”
განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციაზე – “უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“