18 წლამდე ასაკის მოზარდებში ხშირია დამოუკიდებლად ცხოვრების სურვილი, ამიტომ ისინი ცდილობენ დასაქმდნენ და თუნდაც მცირედი, გზის ფული მაინც გამოიმუშაონ. მოზარდებმა არ იციან საკუთარი უფლებების შესახებ და ხშირად არასათანადო პირობებში უწევთ ყოფნა. ეშინიათ, რომ პრეტენზიის დაფიქსირების შემთხვევაში სამსახურს დაკარგავენ და ამიტომ დუმილს ამჯობინებენ.
„პრაიმტაიმი“ იურისტ, ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, ასისტენტ-პროფესორსა და სამედიცინო სამართლის მკვლევარ თამარ კერძაიას ესაუბრა.
– რომელი ასაკიდან შეუძლია მოზარდს, რომ დასაქმდეს?
– მოზარდის დასაქმება შესაძლებელია 14 წლის ასაკიდან, რა თქმა უნდა, კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, ესაა მშობელი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოზარდს მშობელი არ ჰყავს, საჭიროა შესაბამისი ორგანოს თანხმობა.
მიუხედავად თანხმობისა, თუკი არასრულწლოვნის სამუშაო განრიგი მის სასწავლო პერიოდს ემთხვევა და ხელი ეშლება საბაზისო განათლების მიღებაში, ასეთ შემთხვევაში, ორგანიზაცია უფლებამოსილი არ არის დაასაქმოს არასრულწლოვანი იმ საათებში, რა დროსაც ხელი ეშლება მის საგანმანათლებლო საქმიანობას.
– რომელ სფეროში და პირობებშია შესაძლებელი დასაქმება?
– 14-დან 16 წლამდე არასრულწლოვნები შეიძლება კვირაში მხოლოდ 24 საათით დასაქმდნენ. დღეში მხოლოდ 4 საათის განმავლობაში. რაც შეეხება 16-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს, ისინი კვირაში მხოლოდ 36 საათი უნდა დასაქმდნენ, დღეში 6 საათამდე. ანალოგიურად, მათ ხელი არ უნდა შეეშალოთ საბაზისო განათლების მიღებაში.
– სად შეიძლება 18 წლამდე ასაკის პირები დასაქმდნენ?
– მოზარდები შეიძლება დასაქმდნენ ყველგან, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, ეს კომპანიებია: აზარტული თამაშების, ნარკოტიკთან/ალკოჰოლთან დაკავშირებული კომპანიები. გამონაკლისია და ეს ეხება 14 წლამდე პირებსაც – შესაძლებელია დასაქმება თუკი არის სარეკლამო, ან შემოქმედებითი საქმიანობა. მაგალითად, ფილმში გადაღება, მათთვის ეს შესაძლებელია შესაბამისი თანხმობებით, საგანმანათლებლო საქმიანობასთან შეთავსებით. დანარჩენი, მავნე და მძიმე, საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმება აკრძალულია. ასევე, ღამის სამუშაოზეც. ჩამოთვლილი პუნქტების გარდა, არასრულწლოვნებს მუშაობა ყველგან შეუძლიათ.
– ვის უნდა მიმართოს არასრულწლოვანმა, თუკი დამსაქმებლისგან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია?
– შრომის ინსპექცია არის ორგანო, რომელიც ორგანიზაციებში დასაქმებულების უფლებების საქმეებს იკვლევს. ასეთია პროცედურა: არასრულწლოვანი შრომის ინსპექციას მიმართავს განცხადებით, შემდეგ ინსპექცია შედის ორგანიზაციაში და იწყებს ყველაფრის მოკვლევას: მოითხოვს ყველას ხელშეკრულებას, სამუშაო აღრიცხვის ფორმას, ვინ და რამდენი საათი მუშაობს, ამასობაში, მოიკვლევს არასრულწლოვნების საკითხსაც. ასე რომ, ორგანიზაცია ვერ იგებს, რატომ შევიდა მათთან ინსპექცია, რადგან მათ შესვლა განცხადების გარეშეც შეუძლიათ, საკუთარი ინიციატივით. იკვლევს ასე ანონიმურად, დაადგენს დარღვევას, დააჯარიმებს ორგანიზაციას და განუსაზღვრავს ვადას, რა დროშიც დარღვევა უნდა აღმოიფხვრას.
მაგალითად, თუკი არასრულწლოვანი დასაქმებულია 24 საათზე მეტი და ეს აკრძალულია, ხელმძღვანელს დაავალებს, რომ შეუცვალოს განრიგი და იმის მიხედვით ამუშაოს, რაც კანონით არის დადგენილი.
ხშირია იძულებითი შრომაც, როდესაც განსაზღვრული სამუშაო საათების დასრულების შემდეგ უფროსი დამატებით ასაქმებს და ისეთ პირობებს უქმნის, არ გაკეთების შემთხვევაში სამსახურიდან გაუშვებს. ფაქტობრივად, დასაქმებული სამსახურიდან გაშვების შიშით ამუშავებს.
– თქვენი პრაქტიკიდან რომელ საქმეებს გაიხსენებთ, რომელიც არასრულწლოვნების შრომითი უფლებების უხეშ დარღვევას ნათლად ასახავს?
– მახსენდება 2 შემთხვევა. პირველი, 17 წლის ახალგაზრდა იყო, რომელსაც 24-საათიან სმენაში ამუშავებდნენ, დილიდან მეორე დილამდე, რაც ბუნებრივია, დარღვევა იყო და ამის შესახებ ბავშვმა არ იცოდა.
ფაქტი რეგიონში მოხდა. მოზარდი სამშენებლო მასალების მაღაზიაში იყო დასაქმებული. ჰქონდათ მიტანის სერვისიც, თუმცა ხშირად ტრანსპორტის ფულს არ ურიცხავნდნენ და სამუშაოს დაკარგვის შიშით, ადგილზე ფეხით მიჰქონდა. ამას არც მშობლებს ეუბნებოდა, რადგან უჭირთო და ფულის შოვნის სანაცვლოდ ხმას ვერ იღებდა.
მეორე შემთხვევა 16 წლის მოზარდს ეხება. დამსაქმებელი კანონით განსაზღვრულ ვადაზე შეუთანხმდა, თუმცა შემდეგ უფროსმა ზოგადად, ყველასთვის განაცხადა, რომ ვისაც უნდოდა მუშაობა, იმუშავებდა, ვისაც არა – სამსახურიდან მიბრძანდებოდა. ეს ყველაფერი საკმაოდ არაკორექტულად ითქვა. შესაბამისად, არასრულწლოვანი, რომელსაც დღეში 6 საათი უნდა ემუშავა, მერეც ტოვებდნენ, შაბათ-კვირასაც ამუშავებდნენ და უფროსი სხვადასხვა სამუშაოს ავალებდა, მათ შორის იმას, რისი შესრულებაც არავის უნდოდა – საპირფარეშოებს აწმენდინებდა. გარდა ამისა, თავის საოჯახო საქმეებშიც სთხოვდა დახმარებას.
ბავშვებმა თავიანთი უფლებების შესახებ არ იციან.
საჭიროა იცოდნენ ცხელი ხაზის ნომერი – 1575, რომელზეც დარეკვის შემთხვევაში ყველაფერი ანონიმური იქნება.
primetime.ge