“ვერც ერთი ქართველი პოლიტიკოსი ივანიშვილის დარი უნარების მატარებელი ვერ აღმოჩნდა…”

ანალიტიკოსი, გოჩა მირცხულავა ქართული პოლიტიკის და “ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს:

“ბიძინა ივანიშვილი მართალი კაცია! იგი მართალია ქართულ პოლიტიკაშიც და მართალია ქართულ საზოგადოებასთანაც. გამოდის, რომ იგი მართალია ქვეყანასთან, რადგან ქვეყანასთან იდენტიფიცირებას ჩვენი ხალხი ისედაც პოლიტიკოსებით და ელიტარული საზოგადოების მეშვეობით ახდენს. სხვა მგრძნობელობა დაქვეითებული აქვს.

შევეცდები ავხსნა, რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს წასაკითხადაც და გასააზრებლადაც.
თითქმის არ არის საქართველოში პოლიტიკოსი, რომელსაც ივანიშვილის ვალი არ ადევს, რომელიც მას თამაშის წესებზე საჯაროდ ან კულუარულად არ დათანხმდა. თითქმის არ გყავს ცნობილი ადამიანი, რომელმაც ივანიშვილისგან ბოძებული სიკეთით არ ისარგებლა.

საკმაოდ დიდი ნაწილი ამ ადამიანებისგან ჩუმად არის. დანარჩენები კი ვინც ყვაყვალებს (გადასარევია მდგომარეობის ეს მეგრული შესატყვისი) ამას უგულოდ, მოჩვენებითად და სახის შესანარჩუნებლად აკეთებს, თორემ ეგენიც რას წარმოადენენ ყველამ იცის. დარჩა ძალიან მცირე ნაწილი, რომელიც ვითომ მედგრად უტევს ივანიშვილს და ცხოვრებისა და ყოფის, აზროვნების წესებს უწუნებს. ეს კატეგორია ყველაზე მეტად ამაზრზენია და აი რატომ… ივანიშვილით რომ მუცელმაძღრობდა იმ ადამიანს არანაირი მორალური უფლება არ აქვს მას დასცინოს, ინტელექტი თუ განათლება დაუწუნოს, პოლიტიკის წარმოების წესებზე ვაი -ვიშის დემონსტრირება მოუწყოს.

თან როგორც გასულმა 9 წელმა (!) დაადასტურა ვერც ერთი ქართველი პოლიტიკოსი ივანიშვილის დარი უნარების მატარებელი ვერ აღმოჩნდა. ჰოდა, რომ ვერ აღმოჩნდა მაინც ვერ მიხვდნენ საკუთარი მუცელღმერთობით როგორ ვნებენ ქვეყანას. ეს გახლავთ უბედურება და არა ივანიშვილის ყოფნა პოლიტიკაში თუ მის მიღმა.

ეჰ, ის დიდი აქციები თქვენ გგონიათ ისე რა იშლებოდა – ვალებს ისტუმრებდნენ ბიჭები და ახალ სიკეთეებს იღებდნენ მეტწილად.
ის ამ ვითარებასაც აუღებს ალღოს ბევრად უკეთ, ვიდრე ქართული პოლიტიკური კლასი ერთად აღებული და ეს ივანიშვილის სიდიადეზე კი არა, დანარჩენების პოლიტიკური- ინტელექტუალურ სტაგანციაზე მეტყველებს.

ერთი სიტყვით, ჩვენი ცუდი დღევანდელი ყოფის მიზეზი ნამდვილად არ გახლავთ ივანიშვილი, ჩვენი ცუდი ყოფის მიზეზი ჩვენი კომფორმიზი და სიხარბეა.
ქართულ პოლიტიკურ კლასს (ოპოზიციას), რომ ეუბნები წადით სახლში, გეუბნებიან – ვინმე გიშლის მოსვლას? კი! თქვენი ყოფნა პოლიტიკაში უშლის ხელს ამ ქვეყანას და ვიდრე თქვენ – ათასჯერ გაყიდულ მიყიდულები ხართ პოლიტიკაში, ნებისმიერ ახალს დასვრით.

ახლა, ყველაზე მეტად იცით რა მენანება? ჩემს მიერ გადახდილი გადასახადი, რომელსაც არც მეტი, არ ნაკლები ის პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები ხრავენ, რომლებიც ცალკე ბიძინას ფულით გაზულუქდნენ და ახლა მისგან დაქნეულები მე და უამრავ მოქალაქეს გვაზიან კისერზე როგორც წურბელები.

“ოცნება”? აი, ყველაზე მეტად რომ ვერ იტანთ “ოცნების” ის წევრი უფრო ღირსეულია, თუნდაც იმიტომ, რომ სადაც ჭამს იქ არ ისაქმებს და ვინც აჭმევს იმას არ დასცინის.

იძახეთ ხიხო, იძახეთ… ხიხოები ჩვენ ვართ – ხალხი, თქვენ რომ გიტანთ და ახლა კიდევ გაპურებთ”, – წერს გოჩა მირცხულავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share