“თქვენს სიცრუეებს მე განუწყვეტლივ უნდა დავუპირისპირო სიმართლე” – წილოსანი ვერ ამბობს, რის გამოა ნიკა გვარამია ციხეში

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი ვერ ამბობს, რა ბრალდებით არის დაკავებული “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია.

წილოსანმა ასევე არ უპასუხა კითხვას – თუ ფიქრობს, რომ განაჩენი სამართლიანია, რატომ არ სხედან ციხეში “ოცნების” წევრები სამსახურის ავტომობილის პირადი მიზნების გამოყენებისთვის.

“კიდევ ერთხელ არასწორად ცდილობთ ამ საკითხის წარმოდგენას, არ შემოგყვებით ახლა დისკუსიაში იმიტომ, რომ მაშინ თქვენს სიცრუეს მე განუწყვეტლივ უნდა დავუპირისპირო სიმართლე”, – მიმართა “ოცნების” წევრმა ჟურნალისტს.

მანვე აღნიშნა, რომ “საქართველოში კანონის უზენაესობაა და ყველა ადამიანი, მიუხედავად მისი საქმიანობის სფეროსა, იქნება დასჯილი იმ დანაშაულების მიხედვით, რომელიც მას დაუდასტურდება”.

“თუ არსებობს, რაიმე არგუმენტაცია სამართლებრივი, იურიდიული, რომელიმე მათგანთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არსებობს ასევე სამართლებრივი მექანიზმები, როგორიც არის სტრასბურგის სასამართლო, რომელმაც ერთხელ უკვე დაადასტურა, რომ ასევე ნეგატიურად და არასწორად აგორებული ტალღა “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით არასწორი იყო. სტრასბურგის სასამართლომ, როგორც მაშინ დატოვა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში, ასევე გვაქვს მოლოდინი, რომ ყველა სხვა შემთხვევაში ქართულმა სასამართლო სისტემამ იმოქმედა კანონის შესაბამისად”, – თქვა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. “რუსთავი 2”-ის საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას კი 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share