ელჩების დანიშვნაზე, საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილი პირველ კომენტარს აკეთებს. იტალიაში, სახელმწიფო ვიზიტად მყოფმა პრეზიდენტმა საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა ინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ ჩვენი მომავალი არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ ვინ, როდის და სად დანიშნავს ელჩს. მისივე თქმით, უფრო ვრცლად ამ თემაზე თბილისში დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს:
„შეიძლება მომავალ კვირას, შეიძლება ხვალვე, არ ვიცი ზუსტად როდის, წყდება ჩვენი მომავალი და ჩვენი მომავალი ნამდვილად არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ ვინ დანიშნავს ელჩს, რა ადგილას და როდის. ამ ყველაფერზე უთუოდ გავაკეთებ კომენტარებს, მაგრამ ამის დრო მოვა, როცა ვიქნები თბილისში და არა მაშინ, როცა ვიმყოფები ევროპის გულში, ჩვენთვის ევროპის გზაზე გადამწყვეტ მომენტში. ეს გზა თუ გვინდა, ამ გზაზე მყარად უნდა ვიდგეთ და სხვა რაღაცებზე არ ვფიქრობდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ 6 ივნისს, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა.
მთავრობა ითხოვს განმარტებას, ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე.