კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილთან ალტერნატიული კონსილიუმის წევრი ექიმები იმყოფებიან. ისინი მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მიმდინარე ექსპერტიზის ფარგლებში მივიდნენ.
“ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი საქმეში უცხოელი სპეციალისტების ჩართვას ითხოვს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნის მომზადება დაჩქარდეს. მან ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მოუწოდა, დროულად დაასრულოს უცხოელი ექსპერტის ლიცენზიის აღიარების პროცესი და ექსპერტიზას ხელი არ შეუშალოს.
“მინდა მივმართო ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს დროულად მოგვაწოდოს უცხოელი ექსპერტის ლიცენზიის აღიარების პროცედურა და ხელოვნურად ნუ აჭიანურებს პროცესს. არ გამოვრიცხავთ სხვა საერთაშორისო ექსპერტის მოწვევასაც, ვინაიდან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენს მიერ შესწავლილი დოკუმენტაციით, მიმდინარეობს მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა. შესაბამისად, ვეცდებით დასკვნა იყოს რაც შეიძლება სწრაფად, თუმცა მოცულობითია დოკუმენტაცია და არგუმენტაციისთვის გვჭირდება სხვადასხვა ექსპერტ-სპეციალისტის დასკვნები”, – თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.
დღესვე მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატი შოთა თუთბერიძე იმყოფებოდა. როგორც მან აღნიშნა, მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერც ხვალინდელ სასამართლო პროცესს დაესწრება, სადაც საზღვრის კვეთის საქმე განიხილება.