კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი პრეზიდენტის კრიტიკულ განცხადებებს პასუხობს და ამბობს, რომ ბრალდებულისთვის სასჯელის შერჩევის საკითხი რამდენად დროული ან უდროოა, ამას ერთადერთი ადამიანი – მოსამართლე წყვეტს.
ასე უპასუხა მან ზურაბიშვილის მოსაზრებას, რომ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკურად დროული არ იყო. მინისტრის კომენტარს “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
“ალბათ, ყველამ უნდა ვისწავლოთ ამ ქვეყანაში მოსამართლის პატივისცემა. მოსამართლე იმიტომ არის მოსამართლე, რომ მისი გადაწყვეტილება ვიღაცას არ მოსწონდეს. სასამართლო პროცესში ყოველთვის არის ორი მხარე და არასდროს არ გამოდის ისე, რომ ორივე მხარემ მოიგოს დავა. როგორც წესი, ერთი იგებს, მეორე აგებს. როდის გამოიტანს მოსამართლე გადაწყვეტილებას და რა გადაწყვეტილებას გამოიტანს, ეს არის მხოლოდ მოსამართლის საქმე. ხანდახან ისე ჩანს, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოსამართლე მოსამართლეა და მაინცდამაინც ქართველი მოსამართლე უნდა იყოს ის, ვისაც უნდა ვურტყათ წიხლები? მე ეს ძალიან არ მომწონს, არ მომწონდა ეს, როდესაც ვიყავი იქ, სადაც ვმსახურობდი რვა წელი, და რა თქმა უნდა, არ მომწონს ეს ახლა”, – თქვა წულუკიანმა.
მისივე აზრით, “უნდა მივეჩვიოთ პოლიციელის, პროკურორის და სხვათა პატივისცემას”.