ბოლო დღეების რამდენიმე ხმაურიანი განცხადებისა და სკანდალის შემდეგ საზოგადოებაში პოლარიზაციისა და პოლიტიკური დაძაბულობის ზრდა დაიწყო. 20 ივნისს თბილისში ხალხმრავალი აქციაა დაგეგმილი საქართველოს ევროპული მომავალის დაცვის ლოზუნგით. რამდენად მასშტაბური იქნება ეს აქცია და რა გავლენას მოახდენს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ მდგომარეობაზე? და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი 24 ივნისს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მიიღებს?
ანალიტიკოსთა შეფასებით, კანდიდატის სტატუსს სიმბოლური მნიშვნელობა უფრო აქვს და ევროკავშირის წევრობის გარანტიას არ წარმოადგენს, რაც რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე უკვე გამოჩნდა. აქედან გამომდინარე, 24 ივნისს უარის შემთხვევაში ისინი ქვეყნის შიგნით მოვლენების დრამატულად განვითარებას არ ელოდებიან.
გარდა ამისა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თუ საქართველომ კანდიდატის სტატუსი გარკვეული დათქმებით მიიღო და საქართველოს ხელისუფლებისთვის ამის შესრულება მიუღებელი აღმოჩნდა, დაძაბულობა მზარდი იქნება, თუმცა საბოლოო ჯამში შიდა პოლიტიკური გართულებები არ მოჰყვება.
აღსანიშნავია, რომ პარასკევს, 17 ივნისს ევროკომისია წარმოადგენს თავისი რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, უნდა მიენიჭოს თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას. ანალიტიკოსთა უმრავლესობა დადებით გადაწყვეტილებას ელოდება, თუმცა მთავარია რამდენად გაითვალისწინებენ ამ რეკომენდაციას ევროკავშირის წევრი ქვეყნები 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე გადაწყვეტილების მიღებისას.
რამ გაზარდა დაძაბულობა
საზოგადოებაში სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია ევროპარლამენტის რეზოლუციამ საქართველოში არსებულ მედიაგარემოსთან დაკავშირებით, რომელშიც საუბარი იყო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და „მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობიდან გათავისუფლებაზე. რეზოლუცია ასევე შეიცავდა ბიძინა ივანიშვილისათვის სანქციების დაწესების მოწოდებას.
„თუკი საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას”, – ასეთია „ქართული ოცნების” დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძია პოზიცია, რომელსაც გარკვეული ვნებათაღელვა და არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. როგორც ხუნდაძე აცხადებს, „არანაირი სტატუსის ფასად არ ღირს ქვეყნის ღირსების დათმობა”.
სკანდალური აღმოჩნდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაც, რომელმაც განაცხადა, რომ ევროპაში მისი ვიზიტი დაბლოკეს. როგორც პრეზიდენტმა თქვა, ბრიუსელის შემდეგ ვიზიტის განხორციელება კიდევ რამდენიმე ქვეყანაში სურდა, რაღა საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება განეხილა, თუმცა მთავრობისგან უარი მიიღო იმ მოტივით, რომ „უკვე ყველაფერი გააკეთეს” და საქართველოში დაბრუნება მოუწია, რომ „მომავალი საქართველოში დაიცვას”.
ვნებათაღელვა მოჰყვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი იარაკლი ღარიბაშვილის განცხადებასაც, სადაც აცხადებს, რომ ელოდება ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ხოლო თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო და შეურაცხმყოფელი, ფარდას ყველაფერს ახდის და ხალხს სიმართლეს ეტყვის.
ასევე აღსანიშნავია, რომ მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) ევროპარლამენტის რეზოლუციაზე „იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს „საჯიჯგნად არავის არ მიუგდებენ” და „საქართველო ფეხზე დადგება”.
ყოველივე ამის ფონზე, 20 ივნისს „სირცხვილიას” ორგანიზებით თბილისში დიდი აქცია იეგმება. ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტია ამ აქციას უერთდება. „დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია საზოგადოებას მოუწოდებს, რომ მივიდნენ აქციაზე და საქართველოს ევროპული მომავალი დაიცვან. მისივე თქმით, „დროას” და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები დასავლეთში, ბრიუსელსა და ვაშინგტონში მიემგზავრებიან „სწორედ სანქციების გასამყარებლად და ჩვენი ხალხის ნების საჩვენებლად, რომ ერთი ოლიგარქი არ უნდა უშლიდეს ხელს ჩვენს ერთიან ნებას გავხდეთ ევროპის ნაწილი”.
მანამდე კი, 17 ივნისს, ევროკომისია გამოაქვეყნებს თავის რეკომენდაციას, უნდა მიენიჭოს თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას.
„დაძაბულობა იზრდება და შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს”
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ დაძაბულობა იზრდება და თუ 24 ივნისს საქარტველომ კანდიდატის სტატუსი გარკვეული დატქმებით მიიღო და ეს „ოცნებამ” მიურებლად მიიჩნია, შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
„დაძაბულობა იზრდება და შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. თუ ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარს იტყვის, ხელისუფლება ამას ოპოზიციას, არასამთავრობოებს, კრიტიკულ მედიას გადააბრალებს – რომ ისინი დესტრუქციულ როლს თამაშობდნენ და ევროპარლამენტი შეცდომაში შეჰყავდათ.
„ათწლიანი მმართველობის პერიოდში ხელისუფლებამ სასამართლოს, პროკურატურის დამოუკიდებლობა და მედიის თავისუფლება ვერ შეძლო. ოპონენტებზე ზეწოლაა. ბუნებრივია ხელისუფლებაა დამნაშავე და დაძაბულობას ის ზრდის. დაძაბულობა ოპოზიციას არ აწყობს. ხელისუფლებასაც თითქოს არ აწყობს, მაგრამ იძულებული იქნება, რომ თავი შეტევით დაიცვას. ხელისუფლებასთან დაახლოებული წრეები უკვე იძახიან, რომ ივანიშვილის დასაცავად ხალხს გამოვიყვანთო. რეზოლუციაზე კი არ ნერვიულობენ.
„თუ 24 ივნისს კანდიდატის სტატუსი დათქმებით მივიღეთ და „ოცნებამ” დათქმებზე უარი თქვა, ეს პროცესი დიდი ხნის განმავლობაში გაიწელება. დაძაბულობა კი უფრო გაიზრდება, მაგრამ ხელისუფლება იგივენაირ კამპანიას დაიწყებს, როგორც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს დააჯერა, რომ თურმე ომი მათ ააცილეს, ან როგორც დავით გარეჯთან დაკავშირებით იყო. სამწუხაროდ, ხალხის გარკვეულ ნაწილს ეს ჯერ კიდევ სჯერათ.
„20 ივნისს ხალხმრავალ აქციას ველოდები, თუმცა ამას შესაძლოა ხელისუფლებამ ასევე ხალხმრავლობა დაუპირისპიროს ბიძინა ივანიშვილის დასაცავად. შესაძლოა ეს იმ დღესვე არ იყოს, ევროკავშირის პასუხამდე მოასწოს, ან მერეც. აქ მთავარი არა ხალხის რაოდენობა, არამედ შინაარსია – რისთვის გამოდიხარ.
„ღარიბაშვილი და ხუნდაძე რომ ასეთ განცხადებებს აკეთებენ, მათ მომხრეები, რომ არ ჰყავდეთ, ამდენს ვერ გაბედავდნენ. „უცნობი” რომ აცხადებს – თუ სამოქალაქო ომი გინდათ, მიიღებთო – ეს ერის ტრაგედიაა”, – განაცხადა ჩიტაძემ.
ამზადებს თუ არა ევროპა საფუძველს უარისათვის
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ თუ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარი უთხრეს და ამას რაიმე პროცესები მოჰყვა, ეს ოპოზიციისთვის სასარგებლო არ იქნება, რადგან, მისი თქმით, ხალხის დიდი მღელვარება ამას არ მოჰყვება.
„შიდა დაძაბულობა ვის აწყობს, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ ამას რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს. დავუშვათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არავის არ მისცეს, ან მხოლოდ საქართველოს არ მისცეს. ხელისუფლება იტყვის, რომ ეს ოპოზიციის ბრალია, ოპოზიცია იტყვის, რომ ეს ხელისუფლების ბრალია, თუმცა უფრო მეტი მხარდაჭერა ხელისუფლებას აქვს და მისი პოზიცია უფრო დამაჯერებელი გამოდის. მით უმეტეს ოპოზიციას სახელი აქვს იმით გატეხილი, რომ ისაა ავტორი იმ შენიშვნების, რაც დასავლეთიდან ისმის.
„როცა აქ პოლიტიკური პარტია ვერ იგებს, უცხოეთში მიდის და იქ აბეზღებს. შესაძლოა ამან ცუდი რეაქცია გამოიწვიოს. საქართველოში დამბეზღებლები დიდად პოპულარულები არ არიან. ამიტომ თუ ამ პროცესს რამე შედეგი მოჰყვება, პრობლემები შეექმნება თავად ოპოზიციას.
„ევროკავშირის საბოლოო პასუხამდე აქცია არა მგონია რაიმეს მომტანი იყოს, თან ოპოზიციის მოწყობილი აქციები ბოლო ხანებში პოპულარობით არ სარგებლობს”, – განაცხადა საყვარელიძემ.
კითხვაზე თუ ევროკავშირმა დათქმები მოაყოლა და „ქართულმა ოცნებამ” თქვა, რომ არ შეასრულებს, რა შეიძლება ამას მოჰყვეს, საყვარელიძემ განაცხადა, რომ გართულებებს ამ შემთხვევაშიც არ ელოდება.
„ოპოზიციის აქციებს ორი წელია ვუყურებთ. რა თქმა უნდა, ეცდებიან ეს საკითხი გამოიყენონ ხალხის გამოსაყვანად, მაგრამ ხალხი არ გამოვა, რადგან ხალხის პოზიცია ბევრ საკითხში ხელისუფლების პოზიციას ეხმიანება. სირთულეების შექმნის ინიციატივები და სურვილები რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ რეალურად რაიმე გართულებებს არ ველოდები.
„გარედანაც გარკვეული დაძაბულობაა იმ მხრივ, რომ სამივე ქვეყანა შესაძლოა თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რადგან კრიტიკული რეპლიკები ბაიდენისგანაც და ევროკავშირის ლიდერებისგანაც ისმის უკრაინისა და საქართველოს მისამართით. გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება და ეს საფიქრებელს ხდის, რომ დასავლეთს შესაძლოა არცერთის მიღება არ უნდა ბევრი მიზეზის გამო.
„პირველი მიზეზი ისაა, რომ დასავლეთის მიზანი და ამოცანა, რომ რუსეთი ომში გაჭედილიყო, მიღწეულია; მეორე მიზანია, რომ სანქციებით რუსეთი დაანგრიონ. ეს ჯერ ადრეა, მაგრამ მიღწევადია. მოცემული მომენტისთვის ევროკავშირის გაფართოვებას ხელი რატომ უნდა შეუწყონ, ბუნდოვანია. ამ ფონზე ევროპარლამენტის დადგენილებაც ცოტა სხვანაირად იკითხება. ასეთი რეპლიკები სწორედ იმას გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა სჭირდებათ საფუძველი იმისა, რომ უარი თქვან და არაა გამორიცხული, რომ ამ კამპანიის ნაწილი იყოს ის, რაც ევროპარლამენტმა გააკეთა”,- განაცხადა საყვარელიძემ.
რეზონანსი