ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი ანტიკორუფციული მოძრაობის წინააღმდეგ – ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის სარჩელს საქალაქო სასამართლო დღეს განიხილავს. პარალელურად მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ სასამართლოსთან საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.
უჩა მამაცაშვილი მათ სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. საუბარია ანტიკორუფციული მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც მამაცაშვილი ქოლ-ცენტრების მფარველობაში ამხილეს.
“გვედავება იმ საჯარო განცხადებების თაობაზე, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით და იმ ენერგეტიკულ იმპორტთან დაკავშირებით, რომელითაც საქართველო გახდა დამოკიდებული რუსეთის ფედერაციაზე. ვაპირებთ გავაკეთოთ მნიშვნელოვანი განცხადება, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია უჩა მამაცაშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოვკვეთოთ ის არგუმენტები, რომლითაც მათ შორის ევროპარლამენტმა და დასავლეთმა იხელმძღვანელოს და არა მარტო ბიძინა ივანიშვილის დაედოს სანქციები, არამედ ყველა იმ არაფორმალურ მმართველს, რომელიც ჩართულია ამ მიტაცებული ძალაუფლების ნაწილში”, – თქვა ლაშა ფარულავამ. მამაცაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს სასამართლოში მას შემდეგ უჩივლა, რაც ის ე.წ ქოლცენტრების თაღლითური სქემის 4 მთავარ მფარველს შორის დასახელდა. ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 150 000 ლარს ითხოვს.