საქართველოს სახალხო დამცველის ცნობით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ჟურნალისტი და ბლოგერი ინსა ოგუზი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, ამ დრომდე დარიალის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში, არასათანადო პირობებში იმყოფება.
სახალხო დამცველის განცხადებით, ოგუზი მიმდინარე წლის 13 ივნისიდან იმყოფება “დარიალის” სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის განყოფილების სასაზღვრო გამშვებ პუნქტში იმყოფება და მიუხედავად იმისა, რომ მან საზღვარზე მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, მას უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე.
ომბუდსმენის ცნობით, 15 ივნისს საზღვართან მისულ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულს საპატრულო პოლიციამ ოგუზის მონახულების შესაძლებლობა არ მისცეს, რაც, მათი თქმით, სახალხო დამცველის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას წარმოადგენს.
ამის შემდეგ ომბუდსმენის წარმომადგენელი ონსა ოგუზს ტელეფონით ესაუბრა და შეიტყო რომ ის ამჟამად თავისუფალი სავაჭრო პუნქტის (Duty Free) ტერიტორიაზეა და ჰიგიენის საშუალებებზე წვდომა არ აქვს.
18 ივნისის მონაცემებით, ინსა ოგუზი კვლავ დარიალის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში მინიმალური კომფორტის გარეშე იმყოფება და ომბუდსმენის ოფისის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურა აქვს.
ოგუზის განცხადებით, რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში მას დააპატიმრებენ.
„სახალხო დამცველის წარმომადგენელი ინსა ოგუზს ტელეფონით დაუკავშირდა და შეიტყო, რომ ამჟამად იგი თავისუფალი სავაჭრო პუნქტის (Duty Free) ტერიტორიაზეა, სადაც არ აქვს წვდომა ჰიგიენის საშუალებებზე. ამასთან, ინსას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მან თავშესაფრის მოთხოვნასთან ერთად განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების შემთხვევაში მას დაპატიმრება და არასათანადო მოპყრობა ემუქრება, იგი არ გადაამისამართეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში, კანონით გათვალისწინებული თავშესაფრის პროცედურის დასაწყებად.“ – წერია ომბუდსმენის განცხადებაში.
ომბუდსმენი ეხმაურება შსს-ს განცხადებას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს აქვს უფლება შეზღუდოს უცხოელის ქვეყანაში შემოსვლა და ამბობს, რომ თითოეული საქმე ინდივიდუალურ შესწავლასა და დასაბუთებას საჭიროებს, რაც ოგუზის საქმეში არ ჩანს.
„სამინისტროს განცხადება, ინსა ოგუზის ბრალეულობაზე საუბრისას, თავად ოგუზის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ცნობებს ეყრდნობა. მასში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ სავსებით შესაძლებელია ინსა ოგუზის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის უკან მისი ჟურნალისტური და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა იდგეს.“
საქართველოს სახალხო დამცველი განმარტავს, რომ ქვეყანას შესაბამისი კონვენციების გათვალისწინებით არ აქვს უფლება მოახდინოს ადამიანის გაძევება, დაბრუნება და ექსტრადიცია სხვა სახელმწიფოში როცა ამ ქვეყანაში მის მიმართ წამების, ძალადობის ან სხვა უფლებათა დარღვევის საფრთხეები არსებობს.
„მოცემულ საქმეზე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული რუსეთის ფედერაციაში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობა, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და ა.შ“ – წერია ომბუდსმენის განცხადებაში.
ომბუდსმენის განცხადებით, ინსა ოგუზის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ევროკავშირის ერთ-ერთმა წევრმა სახელმწიფომ ინსა ოგუზისათვის საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე მიღების თანხმობა განაცხადა.
„აღნიშნული გარემოება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანიჭებს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაძლებლობას, მოახდინოს ინსა ოგუზის გაძევება მესამე, უსაფრთხო ქვეყანაში. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია თავიდან ავირიდოთ პირის მოქალაქეობის ქვეყანაში გაძევების შედეგად, მის მიმართ შესაძლო წამების ან არაადამიანური მოპყრობის საფრთხე“ – აცხადებს ომბუდსმენი.
საქართველოს სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, „იმოქმედოს საერთაშორისო სტანდარტისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, მისცეს ინსა ოგუზს უსაფრთხო ტერიტორიასა და თავშესაფრის პროცედურაზე წვდომის შესაძლებლობა, ასევე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში უზრუნველყონ მისთვის ღირსეული საარსებო პირობები; მათ შორის, დაუყოვნებლივ გაეწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება“.