ქართული დემოკრატიის გვამზე გადავლით ევროპაში ვერ შეხვალ! მწარე სიმართლე სწორედ ეს არის: საქართველო დამარცხდა… ხელიდან გავუშვით ისტორიული შესაძლებლობა; ივანიშვილმა ქვეყანა მთელი დეკადით უკან დახია, ჩამოაშორა ასოცირებულ ტრიოს, ჩვენ კი წაგვართვა, უფრო სწორად – მოგვპარა მომავალი. ევროკავშირმა კი დაგვინდო, კარი ბოლომდე არ მოგვიხურა, დაგვიტოვა პერსპექტივა, შესასრულებელი მოთხოვნების გრძელი ნუსხა და მკაფიო გზავნილი: ქართველებმა საქმით უნდა დავამტკიცოთ რა გვინდა, რა შეგვიძლია, და ისიც რომ რუსეთის უკანა ეზო არ ვართ. ოღონდ საქმით!…
ყველასთვის ნათელია, რომ საქართველომ ვერ მიაღწია სასურველ შედეგს, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით ივანიშვილზე, რომელმაც მეტ-ნაკლებად მიიღო ის, რაც სურდა. პოლიტიკურად მისთვის ყველაზე საშიში ან კანდიდატობა იქნებოდა, რაც ქართულ პოლიტიკაში უკვე ევროკავშირის წესებით თამაშის გაგრძელებას და მის ხელისუფლებიდან გარდაუვალ ჩამოშორებას ნიშნავდა, ან სრული უარი, რაც უკვე ევროინტეგრაციის მომხრე მოსახლეობის 80 პროცენტისთვის გახდებოდა მისი ხელისუფლებიდან გაშვების უკამათო არგუმენტი და მოტივაცია. რაც მივიღეთ, ანუ მანუგეშებელი მესამე ადგილი თუ ბრინჯაოს მედალი, რაც ევროპული პერსპექტივის რეკომენდაციაში გამოიხატა, არის ის რაღაც შუალედური, რაც ყველაზე მეტად მისაღებია ივანიშვილისთვის და რაც დიდი ალბათობით რამდენიმე წლით და ბევრი შეუსრულებელი პირობით დააშორებს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობას.
ამ დღეებში, ქართული საგარეო პოლიტიკის მახასიათებელ სიმბოლოდ ქცეული ალეგორია რომ მოვიშველიოთ: გავაგრძელებთ უკან სვლას ლოკოკინას სიჩქარით.. ივანიშვილს არ უყვარს სწრაფი პროცესები, ის ნელა და გამოზოგვით აკეთებს საქმეს. სწორედ ასე თანდათან შეაგუა ბევრი იმას, რაც 2012 წლის საქართველოში ერთბაშად წარმოსადგენად შეუძლებელი იყო. დეოლიგარქიზაციას და ევროკომისიის სხვა მოთხოვნების უმეტესობას ხელისუფლება რომ არასდროს შეასრულებს ამას ფიქრი ისედაც არ ჭირდება, რადგან ივანიშვილი თავადაა “მამაოლიგარქი“, ოცნების მთავრობა კი ოლიგარქიული ვერტიკალის ნაბარტყი პარაზიტების ერთობა. თუმცა, მმართველი გუნდი ევროპულ პერსპექტივაზე პირდაპირ უარს ვერ იტყვის და გააგრძელებს პირობების ნახევრად შესრულების თუ არშესრულების პოლიტიკას შემდეგი თვეების თუ წლების განმავლობაში, მანამ, სანამ ეს პერსპექტივა ბოლომდე არ გაცვდება და თავად არ დასრულდება. ამასობაში კი საქართველოდან წავა ყველა, ვისაც წაესვლება, დარჩენილებიდან განსაკუთრებით ურჩებს რეპრესიები შეეხება, უმეტესობას კი, პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად, უკიდურესი სიღარიბე ელის. ქვეყანა იქცევა დასავლეთისგან მივიწყებულ, “რუსკი მირის” დანამატად, რეგიონის მაჩანჩალა, შეუმდგარ სახელმწიფოდ, რითაც საბოლოოდ ასრულდება ოლიგარქისა და პუტინის, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ – რუსული ოცნება. საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასა და იანუკოვიჩის მთავრობას შორის უკვე შეგვიძლია პირდაპირი ტოლობის ნიშანი დავსვათ. იანუკოვიჩმა მაშინ, რუსეთის ზეწოლით, უკრაინელი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ღიად თქვა უარი ევროპულ პერსპექტივაზე.
ივანიშვილის რეჟიმმა დღეს ზუსტად იგივე გააკეთა, უბრალოდ არა სიტყვით, არამედ საქმით. უკრაინელებმა უარი არ მიიღეს და იანუკოვიჩი ხელისუფლებიდან გაისტუმრეს. შეიძლება ფორმები განსხვავდებოდეს, თუმცა რეაქცია ჩვენი საზოგადოებისგანაც ანალოგიური უნდა იყოს. მეტიც, ეს მთავრობა არა მხოლოდ მოსაშორებელი, არამედ გასასამართლებელია ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის საჭირო კონსტიტუციური ნორმების დარღვევისთვის. ღარიბაშვილ-კობახიძის ტანდემმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო ევროინტეგრაციის მატარებლის მიღმა დარჩენილიყო. იმას, რომ ევროკომისიამ ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის რეკომენდაცია გასცა, ხელისუფლებასთან საერთოდ არ აქვს კავშირი. ეს გეოპოლიტიკური რეალობის, საქართველოს მოქალაქეების ნების, ქართველი სამხედროებისა და მათი ოჯახების მიერ გაღებული მსხვერპლის, მედასავლეთე ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის და წინა ხელისუფლების პირობებში გატარებული რეფორმების დამსახურებაა.
24-ში სწორედ ქართველი ხალხი და არა საქართველოს მთავრობა მიიღებს ევროპულ პერსპექტივას. თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ კანდიდატის სტატუსს არა ხალხს, არამედ სახელმწიფოს ანიჭებენ მისი ხელისუფლების პოლიტიკის და ინსტიტუტების მდგომარეობის შესაბამისად, ეს კი ოცნების ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში უბრალოდ შეუძლებელია, რაც ევროკომისიის მოთხოვნათა ნუსხაში დეოლიგარქიზაციის კატეგორიული აუცილებლობითაც გამოიხატა. და თუ კვლავ თავს ძალით დავიბრმავებთ, ან ნიჰილიზმში ჩავიძირებით, დაგვეზარება კომფორტის ზონიდან გამოსვლა, ან ილუზიების ტყვეობაში დავრჩებით და იმას დაველოდებით, რომ ივანიშვილის ხელისუფლება საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ რამეს შეასრულებს, როგორც ამჯერად დავკარგეთ ისტორიული შანსი, ისე დავკარგავთ ევროპულ პერსპექტივასაც და ერთ დღესაც აღმოვაჩენთ, რომ უკვე ღრმად რუსულ ორმოში ვართ, საიდანაც ამოსვლა წარმოუდგენლად ძნელი იქნება. ხვალიდან იწყება ბრძოლის ახალი და გადამწყვეტი ეტაპი, რომელიც უკლებლივ ყველა ჩვენგანს ეხება: მიუხედავად ასაკის, სოციალური მდგომარეობის, პროფესიისა თუ პოლიტიკური გემოვნებისა. ყველას, ვისთვისაც საქართველოს ევროპული და საერთოდ მომავალი სულერთი არ არის. და ეს არ იქნება მარტივი ბრძოლა; შესაძლოა ის არაერთი დღე თუ თვე გაგრძელდეს; ივანიშვილი ძალაუფლებას მარტივად არ დათმობს; იქნება რესურსებისა და ნერვების მუდმივი ჭიდილი. პროცესში ქართველი ხალხის მოკავშირე დასავლეთია, რომელიც საკუთარ როლს უკვე აქტიურად ასრულებს და რომელიც ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით სერიოზულად ასუსტებს და პოლიტიკურ ლეგიტიმაციას უკარგავს მილიარდერს და მის რეჟიმს. ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ქართული საზოგადოება, რომლის უდიდესი უმრავლესობაც მომხრეა რომ ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფო და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, ივანიშვილს საბოლოოდ არ ჩამოაშორებს ძალაუფლებას.
საკითხი ძალიან მარტივად დგას: ან ჩვენ ვიპოვით ძალას პოლიტიკურად დავსაჯოთ და გავუშვათ ეს ხელისუფლება იმ ადგილზე სადაც ისტორიამ ადგილი უკვე მიუჩინა, ან ივანიშვილის “ნებიერად”, მაგრამ შეუქცევადად ლპობადი რეჟიმის პირობებში, შორს მბჟუტავი ევროპული პერსპექტივის მაცქერალნი, ოთარ ჭილაძის სიტყვებით რომ ვთქვათ: დავემსგავსებით იმ “ბავშვს, საშაქარლამოს ვიტრინას რომ აკრია სახით..”