“…კარგია, საქართველომ მსოფლიოს რომ დაანახვა, სად დგას! საქართველო არ იყო იმის ღირსი, ევროპას ასე დაემცირებინა! ჩვენ ღირსება უნდა გვქონდეს და მადლობა უნდა გვითხრან, რომ ვარსებობთ და ვართ კავკასიის გასაღები! ამას ევროპაში თუ ვერ ხვდებიან, მაშინ კარგად იყონ! იმიტომაც ენგრევათ თავზე ის თავიანთი ევროკავშირი! აგერ მე და აგერ თქვენ, ვნახავთ, რაც მოუვა…“, – ამბობს რეჟისორი ქეთი დოლიძე ”კვირის პალიტრასთან” საუბრისას:
– ქალბატონო ქეთი, მთელ მსოფლიოში არის შემთხვევები, როცა რუსეთ-უკრაინის ომის გამო გაბრაზებულები უარს ამბობენ რუსულ კულტურაზე…
– ვაიმე, არ შეიძლება ასე! თქვენ რომ ახლა ამ კითხვას სვამთ და პასუხს მთხოვთ, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება უდაბლეს დონეზე დაგყავთ!
– ყველაფერი, რაც კი ხდება რუსული კულტურის წინააღმდეგ, ეგ არის მარაზმი! ფაშიზმი ზუსტად ასე იწყებოდა, სხვანაირად კი არა! რას ჰქვია დოსტოევსკი დავწვა, ტოლსტოი არ წავიკითხო?! გადახედეთ ერთი, რამდენად დიდი კოლონიზატორი იყო მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ბრიტანეთი! უამრავი ხელოვანი მეგობარი მყავს ბრიტანეთში და ისინი ამბობენ, ახლა ვასაქმებთ ინდოელებს და იმ ქვეყნის წარმომადგენლებს, ვისთანაც ბოდიში უნდა მოვიხადოთ, რასაც მათ ვჩაგრავდითო… ჩვენ კიდევ, თურმე, ყველაფერი უნდა მოვსპოთ, არ დავილაპარაკოთ და ამით ჰგონიათ, რომ უფრო გავმდიდრდებით?
ჰიტლერის გამო გოეთეზე, ბეთჰოვენზე უარი უნდა გვეთქვა? – იგივეა ახლაც, აბსოლუტური სისულელე! გადაგვარებისკენ მიჰყავთ ერი, უმეტესად – ახალგაზრდები!
– იმ თაობის წარმომადგენელი ხართ, რომელიც ეზიარეთ და მეტი იცით რუსული კულტურის შესახებ…
– მაპატიეთ და, მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელიც შედარებით უფრო განათლებული იყო… დღეს არის უმთავრესად გაუნათლებელი თაობა და ეს არის უბედურება! ვის უნდა დაუწესონ სანქციები, როცა აგერ 20 კილომეტრში რუსის ჯარი გიდგას?! რაღა სანქციებზეა აქ საუბარი, შეიძლება ასეთი გაუნათლებლობა, აბსოლუტურად არაფერში ჩაუხედაობა?!
მაპატიეთ და, მე მასწავლიან ევროპას? რაც აზრში ჩავვარდი, სულ ევროპული ღირებულებებით ვცხოვრობთ მეც და ჩემი ოჯახიც! თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ქართული არ ვიცი. უპირველესად, ილია უნდა გვახსოვდეს – “ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს!“… არავინ ჩვენს დასახმარებლად არ მოვა, როგორც 2008 წელს არ მოვიდნენ! ეს პარტიები რომ ჩხუბობენ, აქ ომი, მეორე ფრონტი იყოსო, რომელი ფრონტი უნდა გავხსნათ? კიდევ რომ ჩავხოცოთ ის ბიჭები, რომლის ჩახოცვაც 2008 წელს ვერ მოასწრეს? მეორე ფრონტის სურვილი არის პირდაპირი მტრობა საქართველოსი!
რა მოხდა მერეო, სულელი, გაუნათლებელი ხალხი იძახის! 9 აპრილის მემორიალს რომ შემოახტება და ზედ ცეკვავს, ეგეთები! აბა, წინ დამისვით რომელიმე და ნახავთ, ორ შეკითხვაზე პასუხს თუ გამცემენ ან ლიტერატურიდან, ან ისტორიიდან!
რუსეთი როდის იყო დაწყნარებული და არააგრესიული? მე ამ წუთას ზელენსკის გარემოცვაზე გესაუბრებით! არახამია საიდან გაჩნდა იქ?! გვარი კი აქვს ქართული, მეგრული, მაგრამ ვინ არის საერთოდ, საიდან მოვიდა? გადახედეთ, სად მუშაობდა და ვისთან ჰქონდა კონტაქტი! შემთხვევით აღმოჩნდა, თურმე, იქ, უკრაინის დიდი სიყვარულით.
2012 წელს მე და გოგა ხაინდრავა უკრაინაში ვიყავით ჩასული, ჟურნალისტებთან შესახვედრად. იქ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, “ნაციონალები” იყვნენ იქ მომჯდარი! 2012 წელს საქართველოს ხელისუფლებაში რომ „ქართული ოცნება“ მოვიდა და “ნაციონალებს” ამ ქვეყნისთვის თავი დავანებებინეთ, ყველანი უკრაინაში გადასახლდნენ. მათ ყველაზე მაღალი თანამდებობები მისცეს და არ გიჩნდებათ კითხვა, რატომ მისცეს?
– თავად ამბობენ, როგორც წარმატებულ რეფორმატორებსო…
– რომელია რეფორმატორი, მიშა სააკაშვილია რეფორმატორი თუ მისი ბიძა, გაქანებული კა-გე-ბეშნიკი – თემურ ალასანია? თქვენ კა-გე-ბეს ყოფილი თანამშრომელი გინახავთ? არ არსებობენ ეგეთები! ჩვენთან, უნივერსიტეტში ვერ მოეწყო და ნახეთ, რა სასწავლებელიც აქვს დამთავრებული, შემდეგ რაზეც აქვს ხელი მოწერილი! იმიტომაც ვერ იტანდა სააკაშვილი უნივერსიტეტს და როგორც კი სათავეში მოვიდა, აუდიტორიაში ჩაკეტა პროფესორ-მასწავლებლები! დღეს ეს ქვეყანა იმას იმკის, რასაც იმ სისხლიან 9 წელს ითმენდა! მხოლოდ ორ გვარს ვახსენებ და ამით ვამთავრებ სააკაშვილზე საუბარს – გირგვლიანი, ვაზაგაშვილი! მათზე მიყოლებული 300 ათასი პატიმარი! ექვსი წელი მისთვის არის ფუფუნება, სანატორიუმში ზის დღეს სააკაშვილი! სამუდამოდ უნდა მოიშთოს ქართული პოლიტიკიდან და მაგის ხსენება არ უნდა იყოს! ვენაცვალე იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც მაგის პლაკატი გაათრიეს იმ დღეს აქციიდან!
– რას იტყოდით ხალხმრავალ აქციაზე?
– კარგია, საქართველომ მსოფლიოს რომ დაანახვა, სად დგას! საქართველო არ იყო იმის ღირსი, ევროპას ასე დაემცირებინა! ჩვენ ღირსება უნდა გვქონდეს და მადლობა უნდა გვითხრან, რომ ვარსებობთ და ვართ გასაღები კავკასიის! ამას ევროპაში თუ ვერ ხვდებიან, მაშინ კარგად იყონ! იმიტომაც ენგრევათ თავზე ის თავიანთი ევროკავშირი! აგერ მე და აგერ თქვენ, ვნახავთ, რაც მოუვა… ბრიტანეთი ხომ გავიდა და მალე სხვებიც გავლენ! არ შეიძლება სხვადასხვა ეროვნების, კულტურის ქვეყნები ხელოვნურად შეაკოწიწო! ამიტომაც იშლება და ვინ იყენებს ამ ყველაფერს? – რუსეთი! თქვენ რუსეთი ადვილად მოსარევი გგონიათ? ამერიკამ რომ გადაწყვიტა და ოკეანის მიღმა არიან თავისთვის წყნარად… ბაიდენი სარკეში რომ იყურება, ნეტავ, თავის თავს თუ სცნობს? ევროპამ და ამერიკამ უკრაინა გაწირეს, “გადააგდეს” და ახლა საქართველოშიც ომი, მეორე ფრონტი არ გამოვა, კა-გე-ბეს თანამშრომელს ქართველი ხალხი არასოდეს გაჰყვება!
კვირის პალიტრა