რამდენი ადამიანი მონაწილეობდა 24 ივნისს თბილისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციაში “შინ ევროპისკენ”. დემონსტრანტების მიახლოებითი რაოდენობა გამოცემა “ნეტგაზეთმა” დაითვალა.
„ნეტგაზეთის“ მიერ აქციის მონაწილეთა რაოდენობის მიახლოებითი დათვლით მათი რაოდენობა მინიმუმ 60 ათასი იყო, მაქსიმუმ კი – 80 ათასი.
გამოცემა წერს, რომ დემონსტრაციისა თუ სხვა ხალხმრავალი ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობის ზუსტად გამოთვლის მცდელობა ამაოა. შესაძლებელია მხოლოდ მიახლოებითი მასშტაბების დადგენა, რისთვისაც”ნეტგაზეთმა” გამოიყენა მეთოდი, რომელსაც მრავალი წელია, არაერთი საერთაშორისო მედიასაშუალება მიმართავს.
მათივე ინფორმაცით, მეთოდი გულისხმობს აკურატულად გამოთვლას იმ ტერიტორიის ფართობისა, რომელზეც კონკრეტული აქციის მონაწილეები არიან განლაგებულნი. მიღებული ფართობი შეიძლება გამრავლდეს სამზე, ღონისძიების განსაკუთრებული სიმჭიდროვის შემთხვევაში კი — ოთხზე
“24 ივნისს — “შინ, ევროპისკენ” — დემონსტრაციის მონაწილეებიფარავდნენ ტერიტორიას მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან პირველი სკოლის უკიდურეს კიდემდე. საორიენტაციოდ სწორედ ეს ტერიტორია ავიღეთ, რომლის ფართობი 20 000 კვ.მ.-ს შეადგენს.
ტერიტორიის ფართობი გავამრავლეთ 3-ზე, 3.5-სა და 4-ზე.
მიღებული მიახლოებითი შედეგის თანახმად გამოდის, რომ 24 ივნისის აქციაში, მინიმუმ, 60 000 ადამიანი მონაწილეობდა, საშუალოდ — 70 000, მაქსიმუმ კი — 80 000.
აღნიშნული რიცხვები არ ასახავს აქციის მონაწილეთა ზუსტ რაოდენობას. მისი დადგენა, როგორც ამ, ისე სხვა მეთოდების გამოყენებით, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ზემოხსენებული მეთოდით „ნეტგაზეთმა“ მხოლოდ მიახლოებითი რაოდენობა დათვალა”,- წერს ნეტგაზეთი.