“ნუ ყვირიხარ, თორე მოგწყვიტავ მაგ თავს” | “შინ ევროპისკენ” წევრებს “ოცნების” პარტაქტივი ბათუმშიც დაუპირისპირდა

“ქართულმა ოცნებამ” საკუთარი მხარდამჭერები სახალხო მოძრაობის წარმომადგენლებს ბათუმშიც მიუგზავნა.

გიგა მაქარაშვილი, ირმა გორდელაძე და სხვა სამოქალაქო აქტივისტები, კამპანიის “შინ ევროპისკენ” ფარგლებში ფლაერებს არიგებდნენ და მოსახლეობას უხსნიდნენ, რამდენად აუცილებელია ქვეყნის გაწევრიანება ევროკავშირში, რა დროსაც მათ მმართველი გუნდის აქტივისტებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. “ოცნების” მხარდამჭერები აგრესიულად იყვნენ განწყობილი კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართაც, მათ შორის “მთავარი არხის”.

ერთ-ერთი პირი, რომელიც აქტივისტებს შეურაცხყოფას აყენებდა, გაბრიელ კამაევია. ის ბათუმის საკრებულოში, ფრაქცია “ქართულ ოცნებაში” მუშაობს.

შეურაცხყოფის მიუხედავად, სამოქალაქო აქტივისტები პროვოკაციებს არ წამოეგნენ და შეხვედრები გააგრძელეს.

“ყველა ქალაქში ცდილობს “ოცნება”, რომ ხელი შეუშალოს ამ კამპანიას. აგზავნიან ხალხს, რომლებიც მათთან მუშაობენ საკრებულოებში, გამგეობებში. ფაქტია, უკვე გაუჭირდათ, აღარ აქვთ არანაირი არგუმენტი და ცდილობენ, ძალის დემონსტრირება მოახდინონ. სამწუხაროდ, არაფერი ეშველება ამბავს, რომელიც დიდი ხნის წინ გააფუჭა ოცნებამ და საბედნიეროდ, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ გზას ევროპისკენ და აუცილებლად შევალთ ევროკავშირში”, – თქვა გიგა მაქარაშვილმა.

მმართველი გუნდის მიერ შეხვედრების ჩაშლის მცდელობის მიუხედავად, კამპანია გრძელდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share