შაბათის ფორმულამ გადაიღო კადრები, რომელშიც ჩანს თუ როგორ უხდიან ქართული ოცნების პარტაქტივს ფულს იმის სანაცვლოდ, რომ რეგიონებში კამპანია შინ ევროპისკენ აქტივისტებს ხელი შეუშალონ.
კადრებში ჩანს, როგორ აძლევს ფულს ქუთაისის მერიის აიპის ერთ-ერთი თანამშრომელი შინ ევროპისკენ კონტრაქციის მონაწილეს. ეს კაცი ფულის აღებამდეც და მის შემდეგაც სტუდენტების აქციის ჩაშლას ცდილობდა.
შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ყველას, ვინც ამ დღეებში კონტრაქციებში მონაწილეობდა ქართულ ოცნებასთან აქვს კავშირი. ნაწილი მათგანი მსხვილი ტენდერების სქემის მონაწილეა, ნაწილი ახალგაზრდული ფრთის წევრი, ან თბილისის მერიის თანამშრომელი.
ფულის გადაცემა ქუთაისის მერიასთან ხდება. მერიის შენობიდან გამოსული კაცი ფულს იმ დროს არიგებდა, როდესაც სტუდენტები რამდენიმე მეტრის მოშორებით, 3 ივლისის საინფორმაციო აქციას ატარებდნენ. კაცი, რომელსაც ფული გადასცეს, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და ახალგაზრდებს ხელს უშლიდა. ფულით დაჯილდოებული პროვოკატორი ქუთაისის აიპის თანამშრომელია. აგრესიით სტუდენტებს თავი ქუთაისის მერიის კიდევ ერთმა თანამშრომელმა დაამახსოვრა – ნესტან ჯანგავაძემ, რომელიც მათ რიგით მოქალაქედ გაეცნო, სინამდვილეში კი ქართული ოცნების მხარდამჭერი და მერიის ჩინოვნიკია.
სამი ივლისის აქციამდე რამდენიმე დღით ადრე ოცნებამ საკუთარი პარტაქტივი ყველა იმ ადგილას გააგზავნა, სადაც სტუდენტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები საინფორმაციო კამპანიას ატარებდნენ.