დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს მიერ გერმანიაში სამუშაოდ გაგზავნილმა საქართველოს მოქალაქეებმა გერმანელ დამსაქმებელს შრომითი პირობების დარღვევა სასამართლოში დაუმტკიცეს. ისინი კომპენსაციას მიიღებენ.
საუბარია საქართველოს 18 მოქალაქეზე, რომლებმაც, სეზონურ სამუშაოზე დასაქმების პირობით, გასული წლის გაზაფხულზე დატოვეს ქვეყანა. მათგან 11 საქართველოს სასამართლოებში დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს წინააღმდეგაც ჩივის. ისინი მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.
“გერმანულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ქართველების სეზონური მუშების სარჩელი და მათ სასარგებლოდ გერმანელ დამსაქმებელს დააკისრა გასული წლის მაისის პერიოდში იძულებული მოცდენის სახით თანხის ანაზღაურება. აქ უკვე ვედავებით დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს. ჩვენი მოსაზრებით, მათი პოზიცია უნდა ყოფილიყო, რომ მათი შესაძლებლობების ფარგლებში გაეკეთებინათ მაქსიმუმი და დაეცვათ საქართველოს მოქალაქეები იმ ყოფისგან რაც იქ გადაიტანეს და ამავდროულად მიგვაჩნია, რომ იმ ტრავმისთვის ამ ადამიანებს უნდა დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება, ასევე მიუღებელი შემოსავლისაც”, – თქვა თამილა გაბაიძემ.
ცნობისთვის, გერმანიაში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებსა და მათთვის მიუღებელ სამუშაო პირობებზე ინფორმაცია ჯერ კიდევ გასულ წელს გავრცელდა. არაერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში იმ გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობდა, რომელშიც ცხოვრება და მუშაობა უწევდათ.