“გახდი სხვების შეფასებისგან დამოუკიდებელი”

რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის სხვისი აზრი და ხედვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი?

წარმოიდგინეთ ახალგაზრდა ქალი, რომელიც ამგვარ ოჯახში გაიზარდა: დედა მასწავლებელი იყო, მამა – საზოგადო მოღვაწე, ოჯახი ინტელექტუალური და ზოგადად სამაგალითო ითვლებოდა. დიდი ხნის ნანატრი შვილი იყო, მშობლებს “მთელ მსოფლიოში” ყველაზე მეტად უყვარდათ ის, მაგრამ მისთვის დრო არ რჩებოდათ. გოგონა დროის დიდ ნაწილს ატარებდა ბებიასთან, რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი შვილიშვილის მორჩილება იყო. მშობლებისთვის კი უმნიშვნელოვანესი იყო გარშემომყოფების თვალში კარგი შეფასება.
გოგონამ ბავშვობიდანვე იცოდა, რომ მთავარია ისე მოქცეულიყო, რომ ადამიანებს კარგად ეფიქრათ მასზე. ამისათვის კი უნდა შეძლებოდა სხვისი სურვილების გამოცნობა და შესაბამისად მოქმედება, ხოლო საკუთარი სურვილების – უგულებელყოფა.

მაშ ასე, სხვის შეფასებაზე დამოკიდებულების პირველი მიზეზი არის ოჯახში აღზრდის თავისებურებები.

ასეთ ოჯახებში ხშირია მსგავსი ფრაზები: “რას იფიქრებს ხალხი”, ან “კარგად მოიქეცი, ნახე როგორ გაბრაზებული გიყურებს ის ძია …” ბავშვს აშინებენ საზოგადოებრივი აზრით და, ისიც, სამყაროს შეცნობის ნაცვლად, სწავლობს საკუთარი სურვილების ჩახშობას და სხვისი სურვილებისა და მოლოდინების გამოცნობას. ამგვარ ოჯახში საუკეთესო მიღწევად ითვლება, თუ ვიღაც უცნობი იტყვის: ”რა მშვენიერი გოგო გყავს! როგორი თავაზიანი და მორჩილია, ჩვენსას კი არ გავს… ” დაუწერელი თამაშის წესების მიხედვით, ასეთი ოჯახის თითოეული წევრი ვალდებულია შეინარჩუნოს კეთილდღეობისა და უზადოობის ილუზია…

მეორე მიზეზიც ასევე მდგომარეობს აღზრდის თავისებურებებში. მოგეხსენებათ, რომ მშობლებთან ურთიერთქმედება ურთიერთობის პირველი გამოცდილებაა ბავშვისთვის. კარგია, თუ ეს გამოცდილება ასოცირდება ნდობასთან, უსაფრთხოებასთან, გახსნილობასა და საკუთარი ღირსების აღქმასთან. და თუ არა?! მაშინ ბევრი არასასურველი შედეგი მოჰყვება ამგვარ ურთიერთობებს და სხვების მოსაზრებებზე დამოკიდებულება ერთ-ერთი მათგანია.

მესამე მიზეზი არის სოციუმთან ურთიერთქმედების ნეგატიური, ტრავმული გამოცდილება.

ბავშვისთვის ნორმაა, რომ წარმოაჩინოს საკუთარი თავი, იყოს სპონტანური, ღია, შემოქმედებითი. ჯანმრთელი ბავშვი დიდ ინტერესს იჩენს გრშემო სამყაროს მიმართ. ის ცდილობს შეისწავლოს ყველაფერი, ექსპერიმენტებს ატარებს, უსვამს უფროსებს ალალ კითხვებს. თუ ამ პროცესში მას თან ახლავს ზრდასრული ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს ამ კვლევით სულისკვეთებას, მაგრამ ამავ დროს დელიკატურად აუხსნის, რომ ზოგი რამ შეიძლება საშიში იყოს, ზიანი მოყვეს, ბავშვს ჯანმრთელი წარმოდგენა ექმნება პიროვნული საზღვრების შესახებ.

ხოლო თუ ზრდასრულ ადამიანში არის შიში, შფოთვა, და ის თავად დამოკიდებულია სხვების მოსაზრებებზე, მიდრეკილია სირცხვილის შეგრძნებისკენ, მაშინ მის აღსაზრდელ ბავშვს მუდმივად ესმის: “არ შეიძლება! დამშვიდდი-მეთქი! დადე, არ შეეხო! და ა.შ. ასეთი ზრდასრულის გვერდით ბავშვი ხშირად იღებს შეტყობინებას – “სირცხვილია საკუთარი თავის გამოხატვა/გამოვლენა”.

სხვების მოსაზრებებზე დამოკიდებულების მეოთხე მიზეზი მდგომარეობს საკუთარი თავის ცუდად ცოდნასა და ვერ გაგებაში, შინაგანი მთლიანობისა და თვითშეფასების არარსებობაში. როდესაც შინაგანად, საკუთარი თავის შესახებ არ არქვს მკაფიო და სრული სურათი, ადამიანი იჯერებს იმას, რასაც სხვა მასზე ამბობს. ის სხვების შეფასებებს სარკედ იყენებს. ამიტომ ცდილობს გამოაჩინოს მხოლოდ სხვებისთვის სასიამოვნო ნიღაბი – “კარგ გოგოს” ან მორჩილ ბიჭს” და ეშინია, რომ ვინმე ნახავს მის “რეალურ სახეს”. სინამდვილეში, შინაგანად ის სულაც არ არის “უღირსი”, არამედ უბრალოდ შეშინებული და დაბნეული ბავშვია.

რა თქმა უნდა, ყველა პირად ისტორიას აქვს თავისი ნიუანსი, მაგრამ ზოგადი რეკომენდაციები სხვების აზრზე დამოკიდებულებისაგან თავის დასაღწევად ასეთია:

– ტრავმული გამოცდილების მკურნალობა შესაძლებელია ფსიქოლოგთან თერაპიის გავლით.
– უბრალოდ უარყოფითი გამოცდილება შესაძლებელია ჩაანაცვლოთ პოზიტივით, იმის გათვალისწინებით, რომ უკვე ზრდასრული ხართ და ისე ადვილად ვერავინ დაგჯაბნით, როგორც ბავშვობაში.
– ისწავლეთ საკუთარი თავის, თქვენი სურვილების, მისწრაფებების, აზრების, იდეების და საზღვრების დაცვა.
– და ასევე, ეძებეთ საკუთარი თავი! მნიშვნელოვანია თქვენი ნიჭის, სიძლიერის განვითარება და საკუთარ თავზე ზრუნვა. მხოლოდ ასე ხდება შესაძლებელი თქვენი ბედნიერება.”

ინგა ბლესი- ფსიქოლოგი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share