მწერალი ლაშა ბუღაძე თვლის, რომ ოპოზიციის გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტირების შესახებ გამართლებულია:
“ის რომ ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, ნიშნავს ერთს: რომ ოპოზიციის ამომრჩეველი არ აღიარებს “ქართული ოცნების” მესამედ გამარჯვებას, რადგან ივანიშვილმა არჩევნები მოიპარა გაყალბებით, დაშინებით, სიცრუით, შპანას მიერ იარაღის ტრიალით და ა. შ. არჩევნები რომ ობიექტურად ჩატარებულიყო, სავარაუდოდ მივიღებდით იმას, რისთვისაც, სულ მცირე, 2019 წლის 20 ივნისიდან ვიდექით ქუჩაში – პლურალისტულ პარლამენტს, სავარაუდოდ კოალიციურ მთავრობას და საუკეთესო შემთხვევაში – ივანიშვილის რვაწლიანი, უნიჭო და ქვეყნის სუვერენიტეტისთვის სახიფათო მმართველობის დასასრულს, დღეს კი რეალობა ასეთია: 8 წელი მინიმუმ 4 წლით გრძელდება ნაქურდალი არჩევნების წყალობით… ოპოზიცია კი ამ არშესვლით, უპირველეს ყოვლისა, პატივისცემას გამოხატავს საკუთარი ამომრჩევლის მიმართ, რომელიც ელოდა ცვლილებებს და არა მხოლოდ პარლამენტის დარბაზიდან ოპოზიციური უმცირესობის ხმაურიან და ეფექტურ განცხადებებს (ისევ “ოცნების” მართვის პირობებში), რაც სულაც არ არის ცოტა, მაგრამ მე როგორც ამომრჩეველს, ბევრად მეტი მინდოდა ამ არჩევნების შედეგად და ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ამ მეტის შესაძლებლობა თავხედურად და ძალადობრივად წამართვეს. ანუ “არშესვლა” საპროტესტო ჟესტია, რომელიც იმ რთული პროცესის ნაწილია, წესით და რიგით, ივანიშვილის მარცხით რომ უნდა დასრულდეს, რაც საკმაოდ რთულია და კვლავაც დიდ ფიქრსა და შრომას საჭიროებს. ეს უკვე ვისწავლეთ, რომ ოლიგარქი ერთბაშად ვერ მარცხდება (ბევრის მოლოდინის ან სურვილის მიუხედავად), მაგრამ მის პოლიტიკურ სხეულს ეტაპ-ეტაპ აკლდება “კიდურები”: სრულად პროპორციული ვერ მოვიპოვეთ (მოგვატყუეს), მაგრამ რაღაცა ხომ მაინც წარვსტაცეთ მის ჩაკირულ სისტემას.
ოპოზიცია და მისი ამომრჩეველი ახლაც მორიგი “აგურის” გამოცლის რთულ პროცესშია ოლიგარქის რეჟიმისათვის, რაც ცხადია მხოლოდ ემოციურ ფაქტორს არ უნდა მოიცავდეს (თუმცა არც უემოციოდ გამოვა რამე, ან რა გამოსულა ოდესმე). ხვალ და ზეგ შესაძლოა სტრატეგია შეიცვალოს, მაგრამ გაყალბებული არჩევნების მეორე დღეს რომ ოპოზიცია უარს ამბობს ამ ფარსში მონაწილეობისაგან (როცა “ოცნება”, ვიმეორებ, ისევ მოყირჭებულ და არარჩეულ მართველად გვეჯდება თავზე – მესამე ვადით!), კრიტიკული ამომრჩევლის მიმართ ზნეობრივ და სამართლიან აქტად მესახება. პარლამენტი ხალხის ნებას უნდა გამოხატავდეს და არა ოპოზიციის უნებისყოფობას.“– წერს ლაშა ბუღაძე.