ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობა სულ უფრო რეალური ხდება. მაიკ მაკფოლის შემდეგ, განცხადებას ავრცელებს დავით არახამია. რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” ლიდერი ამბობს, რომ ივანიშვილის დასანქცირების შემთხვევაში ქართველი ხალხი არ დაზარალდება და პირიქით, ეს ნაბიჯი ქვეყანას დეოლიგარქიზაციაში დაეხმარება:
“კარგი ამბავი მაქვს. მაკფოლმა განაცხადა, რომ უახლოესი სანქციების პაკეტში განიხილება სანქციები საქართველოს მოქალაქეების მიმართ. პირველ რიგში, მინდა საქართველოს მოქალაქეები დავამშვიდო, ქართველი ხალხი ბუნებრივია არ დაზარალდება. საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილს და მის უახლოეს გარემოცვას.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი პირობა დეოლიგარქიზაციაა. შესაბამისად, საჭიროა დახმარება ოლიგარქის გავლენების შესამცირებლად ქართულ პოლიტიკასა და ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში. იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილმა და მისმა გუნდმა დაიპყრო ხელისუფლების ყველა შტო საქართველოში, ბუნებრივია არის პრობლემა, თუ როგორ მოხდეს ამისგან გათავისუფლება ან მისი მინიმიზაცია.
ყველა ძალოვანი სტრუქტურა კონტროლდება ივანიშვილის წარმომადგენლების მიერ, პოლიტიკური სტრუქტურები, მთავრობა, საკვანძო სამინისტროები, ამიტომ, სამწუხაროდ, საქართველო ამ ხაფანგს დამოუკიდებლად თავს ვერ დააღწევს.
საერთაშორისო პარტნიორები ჩაერთვებიან ამ საკითხში და სწრაფად და ეფექტიანად დაგეხმარებიან. ველოდებით ახალ ამბებს. თვალს ვადევნებთ საინფორმაციო სიახლეებს ამერიკიდან და ევროკავშირიდან – თქვა არახამიამ.
შეგახსენებთ, პირველი განცხადება გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორმა, მაიკ მაკფოლმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ჯგუფი მსჯელობას იწყებს პიროვნებების დასანქცირებაზე, მათ შორის საქართველოდან და ბელარუსიდან.