საბერძნეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ქვეყანაში ქურდობაზე, ძარცვასა და ნარკოტიკებით ვაჭრობაზე, ასევე ბასრი საგნების გამოყენებით თავდასხმებსა და ჩხუბებზე პასუხისმგებლები ახალგაზრდული დაჯგუფებები არიან, რომელშიც ბერძნებთან, ალბანელებთან, ეგვიპტელებთან და პაკისტანელებთან ერთად ქართველებიც არიან.
ბერძნული მედია წერს, რომ საბერძნეთის პროვინცია ატიკაში, დაახლოებით 16 აქტიური ახალგაზრდული დაჯგუფებაა, რომელშიც 180-მდე წევრია. ის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
“ეს არის კრიმინალური აქტივობის მქონე ჯგუფები, რომლებიც ყოველდღიურად იზრდებიან და მოსალოდნელია, რომ შემდგომ თვეებსა და ახალ სასწავლო წელს საქმიანობას კიდევ უფრო გაამძაფრებენ” – წერს გამოცემა Greekcitytimes.com.
მათივე ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დააკავეს არასრულწლოვნები, რომლებიც თანატოლებს თავს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში დაესხნენ. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ტურისტულ ზონაში 60-70 არასრულწლოვანია, რომლებიც თავს ადგილობრივებს ესხმიან.
“აკროპოლისისა და მონასტირაკის მიდამოებში არასრულწლოვანთა ხუთი ჯგუფი მოქმედებს, რომელთაგან თითოეული მინიმუმ 12 ადამიანისგან შედგება. დაჯგუფებებში შედიან ბერძნები, ალბანელები, ქართველები, ეგვიპტელები და პაკისტანელები, რომლებიც მონაწილეობენ ქურდობაში, ძარცვაში, ნარკოტრაფიკსა და დანით ჩხუბში”, – წერს გამოცემა საბერძნეთის პოლიციაზე დაყრდნობით.
მედიასაშუალება მეთევზეებზე დაყრდნობით წერს იმასაც, რომ ქვეყანაში გააქტიურებულია ნარკოტიკებით ვაჭრობა – “აქ ეს ისეთივე მარტივია, როგორც წყლის მიღება. ნარკოტიკების ადვილად ხელმისაწვდომობა ჩვენთვის სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემად იქცა“.