“რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი, რიკარდ ჟოზვიაკი “მთავარი არხის” ჟურნალისტებზე ფარულ მიყურადებას ეხმაურება და ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მომთხოვნი ქვეყნისთვის ეს პოზიტიური სიგნალი არ არის.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყანა, რომლის მთავრობაც ჟურნალისტებს უკანონოდ უსმენს და უთვალთვალებს, ევროკავშირის წევრი ვერასდროს გახდება.
“უკანონო მოსმენები მთავრობისთვის შეუფერებელია, ეს მიუღებელი ქმედებაა. წარმოიდგინეთ, რომ მსგავსი რამ ევროპის ქვეყნებშიც ხდება. მაგალითად, უნგრეთში. ევროკავშირი და დასავლეთი მსგავსი ქმედებების გამო მათ მკაცრად აკრიტიკებენ. კანდიდატის სტატუსის მომთხოვნი ქვეყნისთვის ეს პოზიტიური სიგნალი არ არის. არცერთ მთავრობას არ აქვს უფლება, ჟურნალისტების წინააღმდეგ უკანონო მოსმენა აწარმოოს. ეს ელემენტარულია, ნეგატიური სიგნალია. მედიის თავისუფლება დემოკრატიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძია. თუ მთავრობა ჟურნალისტებს უკანონოდ უსმენს და უთვალთვალებს, ის ევროკავშირის წევრი ვერასოდეს გახდება. დღეს უნგრეთი ევროკავშირის წევრი რომ არ იყოს და კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ითხოვდეს, დამიჯერეთ, ევროკავშირის წევრი ვერასოდეს გახდებოდა. ევროპა ცდილობს, რომ ევროკავშირში ახალი უნგრეთი თავიდან აიცილოს. ზუსტად ამიტომ აქვს საქართველოს რეკომენდაციების ჩამონათვალი და ის უნდა შესრულდეს”, – ამბობს ჟოზვიაკი.
მისივე თქმით, მსგავსი რამ ბრიუსელში რომ მომხდარიყო, საქმე სასამართლომდე მივიდოდა, რომელიც თავის მხრივ, მმართველი ელიტის მიერ თანამდებობების დატოვების საკითხს აუცილებლად დააყენებდა.
“უკანონო მოსმენები არ არის ქმედება, რომელსაც ბრიუსელი უყურადღებოდ დატოვებს. მსგავსი რამ მე რომ შემემთხვეს, აუცილებლად გამოვიყენებდი სამართლებრივ გზებს, მივმართავდი სასამართლოს და პრობლემის მოგვარებას მოვითხოვდი. დემოკრატიისთვის მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია. ეს არ არის სიმდიდრე, ეს ფუნდამენტია, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. თუ არ გაქვს თავისუფალი მედია, არ გაქვს დემოკრატია. თუ საქართველო მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გარეშე დარჩება და ევროპულ პერსპექტივას დაკარგავს. მსგავსი რამ ბრიუსელში რომ მოხდეს, დამიჯერეთ, საქმე სასამართლომდე მივა, რომელიც აუცილებლად დააყენებს მმართველი ელიტის მიერ თანამდებობების დატოვების საკითხს”, – თქვა ჟურნალისტმა.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა და პროპაგანდისტმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე “უცნობმა” გაასაჯაროვა აუდიოჩანაწერები, სადაც “მთავარი არხის” გადაცემა Post Factum-ის ჟურნალისტების და პროდიუსერის დაგეგმვის პროცესია ასახული. მათი საუბარი სავარაუდოდ 2021 წლის ნოემბრის დასაწყისში ჩაიწერეს, სწორედ ამ დროს არის გასული ის რეპორტაჟი, რომლის შესახებაც ისინი მსჯელობენ. სიუჟეტი სუს-დან გამოჟონილ ფაილებს ეხებოდა, კონკრეტულად როგორ იყენებს ხელისუფლება ნასამართლევ ადამიანებს არჩევნების დროს ხმების მოსაგროვებლად.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფაქტზე გამოძიება დაიწყო.