ახლა ისტერიული შეტევა მიდის ბატონ ბიძინა ივანიშვილზე. როგორც ჩანს, ამ ვითარებაში კულისებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უფრო მაღალი ფასი და მნიშვნელობა აქვს, ვიდრე საჯაროდ გაჟღერებულ ინფორმაციებს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
„ხელისუფლების შეცვლის ისტერია კვლავ გრძელდება – მთავარი კითხვაა, რისთვის არის ეს საჭირო და რას ემსახურება. ჩვენ მიერ დასმული კითხვებზე, მაგალითად ომის რიტორიკასთან დაკავშირებით უშუალო კონკრეტულ ფაქტებზე, ამერიკის ელჩმა პრაქტიკულად, დუმილი არჩია და ეს დუმილიც გარკვეულწილად, პოზიციის დაფიქსირებად მივიღეთ. შემდეგი იყო ვალდებულებების ექვსთვიანი ვადის შემოღება, რაც თავიდანვე აღვნიშნეთ, რომ ემსახურებოდა სხვა რამეს და არა რეალურად, ამ ვალდებულებების შესრულებას. ეს იყო გათვლილი იმაზე, რომ ემოცია პიკში შესულიყო დეკემბრისთვის და ხელისუფლების შეცვლა მომწიფებულიყო ქუჩაში; მაგრამ, როგორც დაინახეს, რომ ქუჩის მმართველები ამას ვერ გააკეთებდნენ, შემდეგ უკვე გადაიწია ამ ვადამ 2023 წლისთვის. შემდეგი, როგორც აკვირდებოდით, იყო ჩვენ მიერ გამოთქმული ეჭვი, ხომ არ იყო სასამართლო გადაწყვეტილება მიზეზი იმისა, რომ კონკრეტული მოსამართლე დაიბლოკა და ის ვერ წავიდა აშშ-ში ვიზიტით. არ იყო ადრესატის მიმართ დასმულ კითხვაზე მისი მხრიდან გაცემული პასუხი, მაგრამ ამას პასუხი გასცა თვითონ მოსამართლემ. ახლა ისტერიული შეტევა მიდის ბატონ ბიძინა ივანიშვილზე. როგორც ჩანს, ამ ვითარებაში კულისებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უფრო მაღალი ფასი და მნიშვნელობა აქვს, ვიდრე საჯაროდ გაჟღერებულ ინფორმაციებს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სამწუხაროდ, კულისებში ძალიან ბევრი შეხვედრა ტარდება და მე მაქვს ახლა კითხვა, როგორც კელი დეგნანთან, ასევე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან – ხომ არ იყო 24 თებერვლის შემდეგ ასეთი ტიპის შეხვედრა და ხომ არ შეიძლება, რომ კითხვები სწორედ იქ იყო პასუხგაცემული; ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ და უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რამეთუ კითხვები, რომელიც არის აქამდე დასმული და არის აქამდე პასუხგაუცემელი, შეიცავს რისკებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.