საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია “ანა” დააფუძნა. კონკურსის პირობებსა და ვადებზე მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ახალი ლიტერატურული კონკურსი, რომელიც ქალებსა და ქალ მწერლებს ეძღვნება და ანა კალანდაძის სახელს უკავშირდება, ყოველწლიურად, ივლისის თვეში გამოცხადდება და მისი ძირითადი მიზანი ქალი ავტორების ხელშეწყობა, წარმოჩენა და წახალისება იქნება.
მისივე თქმით, ერთი ნომინაცია შეეხება როგორც ქალ, ისე კაც ავტორებს და გაიცემა ნაწარმოებისათვის, რომელიც ქალის თემას ეძღვნება.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს) და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს. კონკურსის ფარგლებში განიხილება კონკურსის გამოცხადების წინა წელს წიგნად გამოცემული თანამედროვე ქალი ავტორის/ების ქართულენოვანი ან/და ქართულ ენაზე თარგმნილი უცხო ენაზე შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებები.
კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:
- • ქალი პროზაიკოსი – საუკეთესო პროზაული
- კრებულისთვის;
- • ქალი პოეტი – საუკეთესო პოეტური კრებულისთვის;
- • ქალი მთარგმნელი – საუკეთესო თარგმანისთვის;
- • ქალის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი.
თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 5 000 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით); კონკურსის გამარჯვებულს ასევე გადაეცემა სიგელი. ერთი და იმავე პირის მიერ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვების შემთხვევაში, პრემია გაიცემა თითოეული ნომინაციისათვის.
წლევანდელი კონკურსის ფარგლებში, განაცხადები მიიღება 2022 წლის 20 ივლისიდან 22 აგვისტოს 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4, მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით.
კონსულტაციები შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით ტელეფონის ნომერზე 032 2 022229, ან მობ: 599 877 816.
კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება დეკემბერში.
საკონკურსო პირობები და დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: https://cutt.ly/mLBhmjf