ყვავილებზე ყველაზე დიდი მოთხოვნა თებერვალ-მარტშია, როცა მსოფლიო სიყვარულის დღეს აღნიშნავს, მარტში კი საქართველოში დედისა და ქალთა დღეს აღნიშნავენ.
ყვავილების მაღაზია ,,ამელის“ დამფუძნებელი ნუკა ჩოხელი, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ მოთხოვნა ყვავილებზე არ შემცირებულა და ზუსტად ისეთია, როგორც პანდემიის დაწყებამდე იყო.
„უკვე მესამე წელია პანდემიის რეჟიმში ვცხოვრობთ და შესაბამისად, ამ დღის წესრიგზე ბოლომდე ვართ მორგებული. ვერ ვიტყვი, რა მდგომარეობაა ზოგადად ყვავილების ბაზარზე, მაგრამ ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, მოთხოვნა შენარჩუნებულია, ცნობადობა კი მზარდი.
თაიგულების შეკვეთისას, საფასო მოთხოვნა არ შეცვლილა, მაგრამ თვითონ ყვავილები გაძვირებულია. შეიძლება ითქვას, რომ იგივე თანხა ღირს სომხეთში და თურქეთში, რაც ნიდერლანდებში. ასევ, გაძვირებულია ტრანსპორტირების ფასი. ,,ამელი“ თითქმის სრულად ნიდერლანდურ პროდუქციაზე მუშაობს. ძალიან იშვიათად თურქულზე. ასევე, გვაქვს ყვავილები, რომელიც ეკვადორიდან და კენიიდან საწყობდება ნიდერლანდებში და შემდეგ აქედან ხდება რეალიზაცია, თუმცა მათი ფასი გაცილებით მაღალია. სეზონზე კი, ქართველი მეყვავილეებისგანაც ვიძენთ პროდუქციას, მაგრამ ეს საკმაოდ მცირე რაოდენობაა.
ამ ეტაპზე, ჩვენი მიზანი არ არის ფილიალების დამატება და ამ კუთხით გაფართოება, ჩვენი მიზანია, მიწოდების უწყვეტი ჯაჭვის უზრუნველყოფა, რათა ყველაზე მაღალი მოთხოვნის დროსაც, არცერთ მომხმარებელს არ ვეუბნებოდეთ უარს. ამ ეტაპზე, 15 ადამიანია დასაქმებული „ამელიში“ და მეტი ფლორისტის რესურსი ბაზარს არც აქვს“, – განაცხადა ნუკა ჩოხელმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
ინფორმაციისთვის, 2021 წელს, საქართველოში მოჭრილი ყვავილებისა და კოკრების იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა. გასულ წელს ქვეყანაში 2.2 მლნ აშშ დოლარის 878.5 ტონა ყვავილის იმპორტი განხორციელდა. 2020 წელს კი 1.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (505.6 ტონა). პანდემიამდელ 2019 წელს კი, 2.5 მლნ აშშ დოლარის 126.4 ტონა მოჭრილი ყვავილები და კოკრები შემოვიდა.
წყარო: bpn.ge