ქორწილის ნაცვლად წინასწარი დაკავების იზოლატორი. 20 წლის გოგოს გატაცებაში ბრალდებული 33 წლის კაცი დაკავებულია. სამის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა მარნეულში, ცოლად შერთვის მიზნით გოგონა გაიტაცა და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულებრივ ქმედებაში კიდევ ერთ პირი მონაწილეობდა, რომელიც სამართალდამცავებმა ასევე დააკავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ნ. და 1977 წელს დაბადებული რ.მ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ნ.-მ, ცოლად შერთვის მიზნით, 2002 წელს დაბადებულ ფ. ო.- ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული რ.მ.-ც.
პოლიციამ, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი დაადგინა.
სამართალდამცველებმა ნ.ნ. და რ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.