განცხადებები, რაც ჩემზე კეთდება, მომართულია არა ჩემსკენ პერსონალურად, არამედ ამერიკელი ხალხისკენ და ამერიკის პრეზიდენტისკენ – დეგნანი

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ მისი მისამართით გაკეთებული განცხადებები ნიშნავს ამერიკელი ხალხისა და ამერიკის პრეზიდენტის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

“ეს არ არის ის ენა, რომელსაც პარტნიორები ერთმანეთთან საუბარში იყენებენ. მე ვარ დიპლომატი და აქ წარმოვადგენ ამერიკელ ხალხს. ამიტომ, ის განცხადებები, რაც ჩემზე კეთდება, მომართულია არა ჩემკენ პერსონალურად, არამედ ამერიკელი ხალხისკენ და ამერიკის პრეზიდენტისკენ. მისტერ პრაისმა რაც თქვა, მართალია. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს, რადგან ჩვენ პარტნიორები ვართ და სწორედ ეს უნდა იყოს პრიორიტეტი. როდესაც არის მინიშნებები, ჭორები და კომენტარები, რომლებიც არ არის დაფუძნებული ფაქტებზე, ეს დამაბნეველია ქართველი ხალხისთვის და ეს დიალოგს ხელს არ უწყობს. მე ადრეც ვთქვი, რომ ბუნებრივია პარტნიორებს შორის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ეს პირად არასაჯარო საუბრებში უნდა განიხილებოდეს. რა თქმა უნდა, თუ ეს საჭიროა, საჯაროდაც უნდა გაკეთდეს განცხადებები, რაც ჩვენც არაერთხელ გაგიკეთებია, როდესაც ვთვლიდით, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპული მისწრაფებების გზას, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ურთიერთპატივისცემით. ” თქვა დიპლომატმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, ნედ პრაისი საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ “ქართული ოცნების” ბოლოდროინდელ რიტორიკას გამოეხმაურა და თქვა, რომ “დეზინფორმაცია და ელჩ დეგნანზე პერსონალური თავდასხმები არ შეესაბამება პარტნიორების მუშაობას”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share