“ივანიშვილმა საქართველო ჩაწოლილი საქონელივით გამოდო დახლზე და ვაჭრობს!” – ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის წერილს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაპოსტა:
ომში რომ არ ჩაგრთეთ, ეგ დიდი ფული დამიჯდა, მაგის გამო დიდი მილიონები დავკარგე, თან ეგ ფული თქვენზე უნდა დამეხარჯაო.
დაადასტურა დეგნანთან შეხვედრა და სიტყვა არ დაძრა იმ ბრალდებებზე, რომელსაც მისი ხელის ბიჭები უყენებენ აშშ-ს ელჩს და ვაშინგტონს, არ გაემიჯნა იმ ბრალდებებს, რითაც აღიარა რომ თავადაა ავტორიც და დირიჟორიც იმ ბინძური სიმფონიის, რომელსაც მისი ხელქვეითების ორკესტრი ასრულებს დასავლეთის წინააღმდეგ.
უკვე შემდგარი ფაქტია – ივანიშვილი დასავლეთს ჩვენი ქვეყნის მომავლით ევაჭრება. აი, ასე, საქართველო ჩაწოლილი საქონელივით გამოდო დახლზე და ვაჭრობს!
ფაქტიც სახეზეა და პოლარიზაციაც. ჩვენ დასავლეთი გვინდა, ის დასავლეთი, რომელსაც ოლიგარქი ივანიშვილი უკვე ღიად უპირისპირდება და მიგვათრევს იმპერიის ორღობეებში. ამ ვითარებაში და ამ ძალასთან შეუძლებელია დეპოლარიზაცია.
მაინც რა უნდა დავთმოთ პოლარიზაციის განსამუხტად – ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილების მომავალი? და რისთვის? ოლიგარქის მილიარდებს რომ ერთი თეთრი არ მოაკლდეს?!
ტრიუკი აღარ გაუვა. მის ქონებას, ერთი თეთრი კი არა, მილიარდებიც დააკლდება და საქართველოც გააგრძელებს სვლას, წინ ევროპისკენ, – წერს მელია.