თბილისში მომავალ კვირას ჩამოვალ, ვითხოვ ივანიშვილისა და გომელაურის გამოკითხვას – მუხთარლი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი მომავალ კვირას საქართველოში ჩამოვა. ის პროკურატურისგან ბიძინა ივანიშვილისა და ვახტანგ გომელაურის გამოკითხვას მოითხოვს. მისი თქმით, ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს, თუმცა საქართველოს ხელისუფლება უკვე შესუსტებულია და დადგება დრო, როცა ყველა დანაშაული გამოძიებული იქნება.

“თბილისში მომავალ კვირას ჩამოვალ. ჩემმა ადვოკატმა უკვე შეიტანა განაცხადი პროკურატურაში. მე მოვითხოვ, დაიკითხოს ბიძინა ივანიშვილი და მაშინდელი სუს-ის უფროსი, რომელიც ახლა შს სამინისტროს ხელმძღვანელობს. პირველი დღიდანვე ვამბობდი, რომ ჩემი გატაცება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის დავალებით განხორციელდა, ამაში კი ოთხი უწყება იყო ჩართული. ივანიშვილისა და გომელაურის გარეშე, ვერავინ იმოქმედებდა.

იმ შემთხვევაში, თუ ჩემი შემოშვება არ მოხდება საქართველოს საზღვარზე, ეს იქნება იმის დასტური, რომ ჩემი ჩამოსვლის ეშინიათ. რაც შეეხება ობიექტურად წარიმართება თუ არა გამოძიება, ამის იმედი არ მაქვს, თუმცა საქართველოს ხელისუფლება უკვე შესუსტებულია, დადგება დრო, როცა როგორც ჩემი, ასევე სხვა დანაშაულები, რაც საქართველოს ხელისუფლებას აქვს ჩადენილი, გამოძიებული იქნება”, – ამბობს მუხთარლი.

ცნობისთვის, აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს, ის აზერბაიჯანში 30 მაისს დააპატიმრეს. მუხთარლი წლებია ითხოვს საქართველოდან მისი გატაცების სრულყოფილად გამოძიებას და ამტკიცებს, რომ ამ სპეცოპერაციაში პირად იყვნენ ჩართული გავლენიანი ქართველი მაღალჩინოსნები და მისი უფლებების უხეშად შელახვისთვის სტრასბურგის სასამართლოშიც ჩივის.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share