ევროპაში გაზი ისევ ძვირდება – Gazprom-მა Nord Stream 1-ით მიწოდება კიდევ შეამცირა

რუსულმა Gazprom PJSC-მა ევროპაში გამავალი მთავარი მილსადენით Nord Stream 1-ით ბუნებრივი აირის მიწოდება კიდევ შეამცირა და ახლა ის 20%-იანი დატვირთვით მუშაობს. ამის შედეგად გაზის ფასებმა ევროპაში კიდევ მოიმატა და დღეს ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივ წლის ამ პერიოდში. დღეის მდგომარეობით, 1000 კუბური მეტრი გაზი ევროპაში 2 350 დოლარი ღირს. წლის დასაწყისში კი გაზის ფასი 1000 დოლარზე ნაკლები იყო.

ამასთან, ევროპაში უკვე შეთანხმდნენ ენერგიის დაზოგვის გეგმაზე. ბრიუსელი ქვეყნებს მოუწოდებს, შეინახონ გაზი ზამთრისთვის და მოემზადონ რუსეთიდან მიწოდების სრულად შეწყვეტისთვის.

ენერგეტიკის მინისტრებმა მოიწონეს წინადადება, რომ აგვისტო-მარტის პერიოდში ბუნებრივი აირის მოხმარება 15%-ით შემცირდეს 2017-2021 წლების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. გადაწყვეტილება არა სავალდებულო, არამედ ნებაყოფლობითია და რეკომენდაციის ხასიათს ატარებს.

ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ შეთანხმებას შეეწინააღმდეგა, უნგრეთი იყო. როგორც ცნობილია, უნგრეთს კიდევ უფრო მეტი გაზის შეძენა სურს რუსეთიდან და ამისთვის მოლაპარაკებებსაც აწარმოებს.

მაშინ, როდესაც მოსკოვში მიწოდების შემცირებას სანქციებსა და სხვა ტექნიკურ მიზეზებს აბრალებენ, ევროკავშირი რუსეთს ენერგიის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს.

მიწოდების კიდევ უფრო შემცირებამდე 1 კვირით ადრე მილსადენი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 დღით იყო გაჩერებული.

მიწოდების შემცირება განსაკუთრებით მოქმედებს ისეთ ქვეყნებზე, რომლებიც რუსულ გაზზე ყველაზე მეტად არიან დამოკიდებულები. ასეთია, მაგალითად, გერმანია, სადაც რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტამ, შესაძლოა, რეცესია და ფასების კიდევ უფრო ზრდა გამოიწვიოს. დიდია რუსული გაზის წილი იტალიაშიც.

წლის ბოლომდე ევროკავშირი ორი მესამედით აპირებს რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის შემცირებას, აგვისტოდან უარს იტყვის ქვანახშირის იმპორტზე და სრულად აკრძალავს ზღვით ნავთობის შემოტანასაც რუსეთიდან.

რუსული გაზის შემცირების პარალელურად, ევროპა გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტს ზრდის, რასაც ახლა სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და დეფიციტის შევსებაში უმთავრეს როლს თამაშობს.

მიმდინარე წელს ევროკავშირმა 50%-ით მეტი LNG იყიდა, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში. მთავარი მიმწოდებელი ამერიკა გახდა – ისტორიაში პირველად, ივნისში ევროპამ აშშ-დან უფრო მეტი LNG იყიდა, ვიდრე რუსულ მილსადენებში მომდინარე გაზი.

განახლდა კონტინენტზე ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებიც. ქვანახშირის სადგურები უკვე გერმანიაში, ნიდერლანდებში, იტალიაში, ავსტრიაში, ბულგარეთში და სხვა ქვეყნებშიც ამუშავდა.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share