ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულების მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს:
„მსგავსი კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს პროკურატურა უმკაცრეს პოლიტიკას ატარებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა დამნაშავე პირი კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. რაც შეეხება უშუალოდ ბრალდებულებს, მოგეხსენებათ, ერთი-ერთი არის მკვლელობაში ბრალდებული. ასევე შეუტყობინებლობისთვის, ცრუ ინფორმაციის მოწოდებისა და ხულიგნობის ფაქტზე ბრალდებულები არიან წარმოდგენილი და 8 ბრალდებულის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. ამ შემთხვევაში, სხვა ღონისძიებების გამოყენება ჩვენი მხრიდან სწორი არ იქნებოდა. ნებისმიერი ასეთი ქმედება უმკაცრეს რეაგირებას მოითხოვს“,- განაცხადა პროკურორმა.
რაც შეეხება საქმის დეტალებს, მისი განმარტებით, კონფლიქტი მხრის გაკვრით დაიწყო, რაც შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
„კონფლიქტი უმნიშვნელო ნიადაგზე დაიწყო, ერთმანეთისთვის მხრის გაკვრის გამო, რამაც იქ არსებული ურნა წააქცია და ამის შემდეგ უკვე მხარეებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რაც შეეხება უშუალოდ კონფლიქტს, ყველა პირი, რომელიც გამოიკვეთა, რომ ხულიგნობაში მონაწილეობდა, პასუხისგებაშია მიცემული. იქ უამრავი ადამიანი იყო, მიუხედავად ამისა, არ გაითვალისწინეს ეს ყველაფერი და ჩხუბი, ლანძღვა-გინება დაიწყეს.
რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებულს, ისიც პასუხისგებაში არის მიცემული. კონფლიქტი დაიწყო გიორგი ხორავამ და შემდეგ სხვა პირებთან ერთად გაგრძელდა“, – განაცხადა პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა.